გორის ბაღების სააგენტომ ოთხჯერ ჩაშალა ტენდერი და ოთხჯერ წააგო დავა. საეჭვო მიზეზებით ტენდერების ჩაშლის გამო, სააგენტო უკანონობაში ამხილეს. გარემოებები კი კორუფციის ნიშნებს შეიცავს.
კერძოდ, ბაღების სააგენტო ავტომობილის შეძენას 2024 წლის ზაგხულიდან ცდილობდა. მან ტენდერი გამოაცხადა, რომელსაც ორი მონაწილე ჰყავდა: ბორჯომში რეგისტრირებული ალექსი გელაშვილი და გორში რეგისტრირებული სოფიო კახიაშვილი.
დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ სოფიო კახიაშვილი ბაღების სააგენტოს მინივენის ტიპის ავტომობილს 48 990 ლარად სთავაზობდა. რაც შეეხება, ალექსი გელაშვილს, რომელმაც ოთხივე ტენდერი გაასაჩივრა, სააგენტოს ავტომობილს 48 360 ლარად სთავაზობდა. შესყიდვების კანონმდებლობის მიხედვით კი, უწყებას არჩევანი უნდა შეეცერებინა იმ პრეტენდენტზე, რომელიც ნაკლებ თანხას დაასახელებდა.
ამის ნაცვლად, ბაღების სააგენტომ ტენდერი ოთხჯერ ჩაშალა, რაც ყველა შემთხვევაში შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს შესწავლის საგანი.
საჩივრის ავტორი 4-ვე შემთხვევაში ფიზიკური პირი ალექსი გელაშვილია, რომელმაც ჯერ 2024 წლის 13 სექტემბერს, შემდეგ 10 ოქტომბერს და ბოლოს 13 დეკემბერს გაასაჩივრა ბაღების სააგენტოს აღნიშნული ტენდერი.
თითოეული საჩივარი მომჩივანის სასარგებლოდ გადაწყდა, თუმცა ბაღების სააგენტომ, შესყიდვების სააგენტოს მითითების მიუხედავად, მაინც არ გამოაცხადა გამარჯვებულად პირი, რომელმაც 3-ჯერ მოუგო დავა უწყებას.
მეოთხე საჩივრის შეტანა ალექსი გელაშვილმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გაირკვა, რომ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო ეთანხმებოდა საჩივრის არსს, თუმცა ბიუჯეტში სახსრების არქონის გამო, საერთოდ წყვეტდა აღნიშნულ ტენდერს.
„აღსანიშნავია რომ ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს სატენდერო კომისია სპეციალურად, წინასწარი განზარახვით, აჭიანურებდა დავების საბჭოს გადაწყვეტილებების განხილვას, იმ მიზნით რომ ახალი წლის ბიუჯეტში თანხის არ არსებობის მიზეზით შეეწყვიტათ ტენდერი, თუმცა ვერ გაითვალისწინეს რომ ePLAN მოდული და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი საჯაროა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იქ არსებული ჩანაწერების გადამოწმება“, – ასე ამხილა მომჩივანმა გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ტყუილში.
შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭომ საკითხის შესწავლის შემდეგ, აღნიშნული ტენდერის გარშემო დაწერილი მე-4 საჩივარიც დააკმაყოფილა.
„საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს“ 2025 წლის 17 იანვრის №9 ოქმში, NAT240015599 ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია შემდეგი: „… 2025 წლის ბიუჯეტში ავტომობილის შესყიდვისთვის თანხა არ არის გათვალისწინებული“, აღნიშნულთან დაკავშირებით საბჭო აღნიშნავს, რომ ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს“ მიერ, სისტემის „ePLAN“ მოდულში რეგისტრირებულია 2025 წლის შესყიდვების წლიური გეგმა (№P240000748), რომლიდანაც დგინდება, რომ 2025 წელს, ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო“ გეგმავს „ავტოსატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის“ – კლასიფიკატორის კოდი – 341000001 შეძენას, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებულია 50 000 ლარი” , – წერს დავების განხილვის საბჭო და აცხადებს, რომ ბაღების სააგენტოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შეუსაბამოა.
დავების საბჭოს გადაწყვეტილება ბაღების სააგენტომ არც ამჯერად გაითვალისწინა და როგორც სახელმწიფო შესყიდვების ვებ.გვერდზე ჩანს, ავტომობილის შეძენაზე დროებით უარი თქვა – ამ დრომდე სააგენტოს ამ მიმართულებით ტენდერი აღარ გამოუცხადებია.