ბლოგები

“ხაშურში სუს-მა დააშინა ადამიანები, მაგრამ ჩვენ ყოველკვირეულ აქციებს მაინც ვგეგმავთ”

ავტორი: სერგო ღამბაშიძე

ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც დაიპყრეს სახელმწიფო.

ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც მიითვისეს ხელისუფლება.

მათთვის არსებობს ერთადერთი ღმერთი –  ბიძინა ივანიშვილია.

შესაბამისად, როდესაც სახელწმიფო არის მიტაცებული, თითეული მოქალაქის ვალდებულებაა, რომ ის დაიბრუნოს. ამისთვის ვდგავარ ქუჩაში.

ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება; გვინდა თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება და გვინდა დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები. 

ამის მიღწევას ვცდილობთ ამ უწყვეტი პროტესტით – ფიზიკურად არ გვაქვს სხვა გზა.

ჩვენ ყველას იმედი გვაქვს, რომ სასურველ შედეგამდე მივალთ და მოვახერხებთ, რომ ნორმალურ რელსებზე დავაბრუნოთ ეს ქვეყანა. აქედან გამომდინარე, ვაპირებთ გავაგრძელოთ აქციები ხაშურშიც – მე პირადად ყოველთვის გამოვალ და ჩემი პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ “ქართული ოცნებას” მითვისებული აქვს სახელმწიფო.

ისიც უნდა გვესმოდეს, რომ რეგიონში თბილისთან შედარებით სხვა რეალობაა – ხაშურის მაგალითზე გეტყვით:

პირველ დღეებში, როდესაც ხაშურში საპროტესტო მსვლელობები დაიწყო, გამოვიდა ასობით ადამიანი, რაც ხაშურისნაირი პატარა ქალაქისთვის ძალიან დიდი რაოდენობაა. ეს იმას ნიშნავდა, რომ პროტესტი ძალიან ბევრ ადამიანს აქვს, თუმცა იმ ხალხის რაოდენობა, ვინც ამას საჯაროდ გამოხატავს, ნელ-ნელა შემცირდა, რადგან სუს-მა იმუშავა ამ ხალხთან. სათითაოდ დაურეკეს და დააშინეს, ზოგი დაჯარიმებით, ზოგიც – ახლობლების სამსახურებიდან გაშვებით. ამიტომაც არის, რომ ახლა ადამიანები ქუჩაში რომ მხვდებიან, მეუბნებიან, რომ პროტესტის გრძნობა აქვთ, მაგრამ ამის ღიად გამოხატვას ერიდებიან. 

რთულ რეალობაში გვიწევს ბრძოლა და ამ ბრძოლაში მთავარი იმის გააზრება, რომ თითოეულ ჩვენგანს ჩვენი პირადი პასუხისმგებლობა გვაქვს ქვეყნის და მომავლის წინაშე. 

მე პირადად, მარტოსაც რომ მომიწიოს დგომა, გამოვალ და გავაპროტესტებ. ყოველკვირეული აქციები დავიწყეთ ხაშურში – 15 თებერვალს ვაპირებთ შეკრებას და ეს იქნება ჩვენი თანადგომა და სოლიდარობა ჩვენი თანამებრძოლების მიმართ. 

დატოვეთ კომენტარი