ბლოგები

“ხაშურში ყოველკვირეული აქციები დავაანონსეთ – აქედანაც უნდა გავაგონოთ პროტესტის ხმა რეჟიმს”

ავტორი: მარიამ მეყანწიშვილი

საპროტესტო აქციებს და დაუმორჩილებლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეს არის ჩვენი კანონიერი უფლება და ეს არის ყველაზე მშვიდობიანი ფორმა იმის გამოსახატად, რაც არ მოგვწონს.

შესაბამისად,  რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება აქციები და მეტი ადამიანი გამოვა, რეჟიმი უფრო მეტად დასუსტდება.

უწყვეტ და ხანგრძლივ პროტესტს ძალიან დიდი ძალა აქვს და აუცილებლად მოჰყვება ის შედეგი, რომელსაც ველით – თუ ისტორიას გადავხედავთ, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა უწყვეტ პროტესტს შედეგი არ გამოეღო.

მაგალითად, სერბეთში პროტესტის შედეგად პრემიერ მინისტრი გადადგა, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ სერბეთში მოვლენები უფრო სწრაფად განვითარდა, ვიდრე ჩვენთან, მაგრამ უნდა ითქვას, რომ საბჭოთა გავლენები ჩვენ ქვეყანას უფრო მეტი ქონდა, ვიდრე სერბეთს ან სლოვაკებს, სადაც ეხლაც მიმდინარეობს აქციები.

შესაბამისად, ჩვენთან უფრო მეტად და აქტიურად მუშაობს სახელმწიფო დაშინების მანქანა – ადამიანებზე ახდენენ ზეწოლას. მაქსიმალურად ცდილობენ ისეთი ზიანი მიაყენონ ადამიანებს, რომ აქციებზე გამოსვლის სურვილი და შესაძლებლობა დაეკარგოთ. ადამიანებს სხვადასხვა ბერკეტით ებრძვიან – დახვედრები, ჯარიმები, “ტიტუშკების” მიგზავნები. მაგრამ ფაქტია, რომ ეს მეთოდები არ მუშაობს. 

სისტემას საქმე კარგად არ აქვს. ამიტომ ვიძახი და ყოველთვის ვიტყვი, რომ უწყვეტ პროტესტს აუცილებლად მოჰყვება გამარჯვება. ეს შეიძლება გარკვეულ პერიოდამდე გაგრძელდეს, მაგრამ აუცილებლად მოყვება დადებითი შედეგები.

აქედან გამომდინარე, ხაშურშიც ყოველკვირეული აქციები დავაანონსეთ, როგორც სხვადასხვა რეგიონებში მიმდინარეობს. ჩვენც ამ ფორმით იმ ადამიანების გამხნევებაც გვინდა, ვინც რეჟიმმა დაატყვევა. 

მიუხედავაფ იმისა, რომ ჩვენ თბილისშიც დაუღალავად ვიბრძვით, გვინდა რეგიონებიდანაც გავაგონოთ ჩვენი ხმა რეჟიმს.15-ში ხაშურში შევიკრიბებით, ხოლო 16 თებერვალს გორში დაგეგმილ დაუმორჩილებლობის მანიფესტს ხაშურიდანაც შევუერთდებით.

დატოვეთ კომენტარი