ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა გორში მცხოვრები ვ.ტ.-ს საჩივარი, რომელიც მიუთითებდა გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ. მოქალაქის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.
სასამართლომ დაადგინა სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) პროცედურული ნაწილის დარღვევა და სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ 2500 ევროს გადახდა დააკისრა.
„ვ.ტ.-ს 2020 წლის 17 აპრილს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ჩააყენეს არაადამიანურ, დამამცირებელ მდგომარეობაში, განახორციელეს მისადმი სასტიკი მოპყრობა. სამორიგეოში შესვლისას, მას ჩაარტყეს კისრის არეში და ძირს დააგდეს თავით. ამის შემდეგ დაადეს ხელბორკილი და ხელში აყვანილი წაიყვანეს მეორე სართულზე არსებულ ოთახში, სადაც პოლიციელებმა კვლავ უმოწყალოდ სცემეს. დაახლოებით 4 საათის განმავლობაში ამ ოთახში გამოკეტეს. მიუხედავად იმისა, რომ ითხოვდა ექიმს, არავის არ გამოუძახია იგი. არ მისცეს ტკივილგამაყუჩებელი. არ მისცეს საშუალება სახლში ან ადვოკატთან დარეკვისა. ოთახში შედიოდნენ და დასცინოდნენ, აგინებდნენ, ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით, ამ დროის განმავლობაში მას ხელზე ედო ხელბორკილი. დროებითი მოთავსების იზოლატორში ჩაყვანამდე სრულად გააშიშვლეს, რათა შეემოწმებინათ ეტყობოდა თუ არა ნაცემი ადგილები”, – აღნიშნულ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ცენტრი ავრცელებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო საქმეზე გამოძიება, არ მოხდა მისი დაზარალებულად ცნობა და საქმეზე დამნაშავე პოლიციელების დასჯა. ინსპექტორის სამსახურმა ვერ მოიპოვა პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაზე განთავსებული ვიდეოკამერებიდან ჩანაწერები მათი არ არსებობის გამო.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ვ.ტ.-ს მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე ეფექტური გამოძიება, არ ჩატარებულა დროულად სამედიცინო ექსპერტიზა, ხოლო ორი თვის დაგვიანებით ჩატარებული ექსპერტიზა იყო არასრულყოფილი, სადაც არ იყო გათვალისწინებული დროებთი მოთავსების იზოლატორში შედგენილი დოკუმენტაცია, ვერ იქნა მოპოვებული პოლიციის ადმინისტრაციული შენობიდან ვიდეოჩანაწერები, საქმეში არსებული მტკიცებულებები (მოწმეთა და თავად დააზარალებულის ჩვენება) არ შეფასებულა ჯეროვნად.
სასამართლომ ხაზი გაუსვა გაჭინურებული გამოძიების პრაქტიკას საქართველოში იმ საქმეებზე სადაც არასათანადო მოპყრობა ხორციელდება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მონაწილეობით.