გორის 1-ელმა, მე-8 და მე-10 სკოლებმა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებსი, დაფინანსებები მოიპოვეს. მიღებული ფინანსური მხარდაჭერით, სკოლებში სოციალური საწარმოები შეიქმნება.
მაგალითად, გორის მერვე სკოლა “საგანმანათლებლო ბაღი – EDUGarden”-ს შექმნის.
“შეიქმნება მოსწავლეთა სოციალური საწარმო-კომპანია, საცდელი სასათბურე სანერგე მეურნეობა, რომელიც შემოგთავაზებთ: მსოფლიოში განთქმულ ყველაზე ლამაზ და გამძლე ვარდის ნერგებს და მასტერკლასებს, თუ როგორ გაამრავლოთ/დააკალმოთ ვარდები“, – წერს სკოლის ადმინისტრაცია.
სამივე სკოლის შემთხვევაში, სკოლებში სოციალური საწარმოების შექმნის მიზანი ინოვაციური მეთოდების დანერგვა და ახალგაზრდებში ახალი უნარების განვითარება იქნება.
საგრანტო კონკურსი, რომელშიც სკოლებმა გაიმარჯვეს, “ეკონომიკური განვითარების და მხარდაჭერის ცენტრმა” გამოაცხადა. სწორედ აღნიშნული ორგანიზაცია ახორციელებს საქართველოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს “ახალგაზრდებში კარიერის მართვის და სოციალური მეწარმეობის უნარების განვითარება ინოვაციური მეთოდის საშუალებით”.