სტატიები

“ქვეყანაში დემოკრატიის ადგილი აღარ დარჩა” – გორში საპროტესტო აქციები გრძელდება

გორში ხელახალი არჩევნების დანიშვნისა და პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით აქციები გრძელდება. მოქალაქეები ქალაქის ცენტრში დღესაც შეიკრიბნენ. მათ სოლიდარობა იმ ადამიანებსაც გამოუცხადეს, ვინც საკუთარი კრიტიკული პოზიციების გამო, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ სამსახურებიდან გაათავისუფლა.

” ზოგადი პოლიტიკა მომართულია ზუსტად იმისკენ, რომ გაიწმინდოს და გათავისუფლდეს საჯარო სამსახურები “ქართული ოცნებისათვის” მიუღებელი კადრებისაგან და სამწუხაროდ, დღემდე ამას საჯარო მოხელეების უმეტესობა არ აპროტესტებს და ამით ცდილობენ თავი დაიზღვიონ და დაიცვან საკუთარი სამუშაო ადგილები”, –  ამბობს ლექსო მერებაშვილი, “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი.

პროტესტში მონაწილე ადამიანების თქმით, “ქართული ოცნება” რეპრესიული ქმედებებით ცდილობს თავისუფალი აზრის ჩახშობას და კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების დასჯას. 

“სამწუხაროდ, რეჟიმის მსხვერპლი ბევრი გამხდარა და კიდევ გახდება. ერთ-ერთი მაგალითი ახლახანს ვიხილეთ ქარელში, გამოუშვეს სამსახურიდან ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის თანამშრომელი, რომელიც მონაწილეობდა პროევროპულ აქციებში. მიზეზად კი დაუსახელეს, რომ ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა, თუმცა რეალური მიზეზი ცხადია, რომ არის აქციებში მონაწილეობა და თავისუფალი აზრის გამოხატვა”, – ამბობს “ძლიერი საქართველოს” წარმომადგენელი, ზურაბ ლეკიშვილი.

აქციაზე სამოქალაქო ატივისტებისა და პოლიტიკური პარტიების წარმოამადგენლების გარდა, საკუთარ პოზიციას გამოხატავენ მედიის წარმომადგენლებიც. ისინი მიიჩნევენ, რომ “ქართული ოცნების” ერთ-ერთი მთავარი სამიზნე დამოუკიდებელი მედიაა.

“ზოგადად ქვეყანაში აღარ დარჩა დემოკრატიის ადგილი და თუ დროზე არ გამოვიღვიძებთ, აღარც ჟურნალისტს და აღარც საჯარო მოხელეს აღარ ექნება რაიმეს თქმის საშუალება – შეიძლება თქვას ვიღაცამ, მაგრამ აღარავინ იქნება მომსმენი. ამიტომ ჯერ კიდევ, სანამ სრულიად გადავვარდით რუსულ ჭაობში, ამოვიღოთ ხმა და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. სანამ ხელისფლება ვერ დაინახავს ხალხის ძალას, ყოველთვის გაჯიუტდება. ეს არის ავტოკრატიული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი”, – ამბობს ლადო მიხანაშვილი, ტელეკომპანია “ფორმულას” ოპერატორი. 

შეგახსენებთ, რომ ხელახალი არჩევნების დანიშვნისა და უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქციები 2 თვეზე მეტია გრძელდება. აქციები 4 თებერვლიდან განახლდა გორშიც და როგორც მოქალაქეები ამბობენ, არ შეწყდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება – არ გათავისუფლდებიან პროევროპულ აქციებზე დაკავებულები და არ დაინიშნება ხელახალი არჩევნები.

დატოვეთ კომენტარი