ახალი ამბები

გორის მერია ამჯერად სივრცეს ახალგაზრდულ კაფეს “სფეისი” ატოვებინებს

გორის მერია ამჯერად სივრცეს ახალგაზრდულ კაფეს “სფეისი” ატოვებინებს.  სივრცის დატოვების მოთხოვნებით, ახალგაზრდებმა წერილი 24 ინავრას მიიღეს, სადაც აღნიშნულია, რომ ფართი 31 იანვრამდე უნდა დატოვონ. 

“ჩვენთვის, როგორც ქალაქის ერთადერთი თავისუფალი ახალგაზრდული სოციალური სივრცისთვის, განსაკუთრებით რთულია ამ პოსტის დაწერა და ჩვენი ახალგაზრდებისთვის იმის თქმა, რომ სივრცე აღარ გვაქვს.

24 იანვარს ,,გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო’’-მ გამოგვიგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც, 31 იანვრამდე აუცილებლად უნდა გამოვათავისუფლოთ ჩვენ მიერ შექმნილი სივრცე, რადგან ისინი აპირებენ ამ სივრცის დატვირთვას თეატრალური და საგანმანათლებლო პროექტებით“, – ვკითხულობთ “სფეისის” განცხადებაში. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შენობის დატოვებით, “სფეისის” არსებობა არ შეწყდება და ახალგაზრდების მხარდაჭერას ისინი მომავალშიც გააგრძლებენ. 

“ახლა ვიხსენებთ და ვხვდებით, რომ ბევრ ორგანიზაციას დავეხმარეთ პირველი ნაბიჯების გადადგმაშიც, მათ ყოველთვის იცოდნენ რომ ჩვენთან, ჩვენი იმედით, შეეძლოთ ნებისმიერ საქმეს მოჰკიდებოდნენ. ასე და ამგვარად, ჩვენ ჩვენი მისია, ამ შენობაში, პირნათლად შევასრულეთ. 

ბევრი ელოდა რომ ამ შენობიდან ჩვენი გასვლით დამთავრდებოდა ყველაფერი, რადგან ეს ადამიანები ვერ იაზრებენ, რომ სფეისი არ არის შენობა და კედლები, სფეისი არის იდეა, ურთიერთობები, მიზნები და იმედები, რომლებიც გაგვაჩნია ყველას ერთად, ჩვენი ახალგაზრდების წყალობით”. 

აღსანიშნავია, რომ “სფეისის” წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩართულები ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებში. 

იქამდე, გორის მერიამ სივრცის დატოვება “გორელ ფოტოგრაფთა კლუბს” მოსთხოვა. 

ამავე თემაზე: “ცალმხრივად შეწყვიტეს ხელშეკრულება” – გორის მერია ფოტოგრაფთა კლუბს შენობიდან აძევებს

დატოვეთ კომენტარი