ბლოგები

“ბრძოლა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ მთავარი მოთხოვნები არ შესრულდება”

ავტორი: გიორგი კასრაძე

უწყვეტი პროტესტი “ქართულ ოცნებას” აუცილებლად უარს ათქმევინებს იმ განზრახვაზე, რაც ჩაფიქრებული აქვს – ჩვენი სახელმწიფო აქციოს რუსეთის ნაწილად. 

დღეს, ვინც ქუჩაში დგას, ყველას გააზრებული აქვს, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ მთავარი მოთხოვნები არ შესრულდება. ერთადერთი, რაც ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს განმუხტავს, არის ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლება. 

ახლა რეჟიმი ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ადამიანების დევნა, დაშინება, ცემა, დაკავება და ციხეში აბსურდული ბრალდებებით გამოკეტვა. “ქართული ოცნება” ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს იყენებს პროტესტის ჩასახშობად, მაგრამ ფაქტია, რომ მათი მეთოდები გაბრაზებულ და ქუჩაში გამოსულ ადამიანებზე არ მუშაობს. 

მათ ეგონათ, რომ ხალხის პროტესტი 20 იანვარამდე ვერ მიაღწევდა, თუმცა ახლა ხედავენ, რომ ადამიანების შეუპოვრობა, ბრძოლისუნარიანობა, გამძლეობა და პრინციპულობა არასწორად შეაფასეს. ეს ყველაფერი აუცილებლად აიძულებთ, რომ უკან დაიხიონ, მოუსმინონ ამ ქვეყნის მოქალაქეებს და დააკმაყოფილონ მათი მოთხოვნები. 

უწყვეტი პროტესტი არ შეწყდება და ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ნელ-ნელა პროტესტის გრძნობა ღვივდება და მძაფრდება იმ ადამიანებშიც, რომლებიც წლების განმავლობაში საკუთარი პოზიციის ხმამაღლა დაფიქსირებას ერიდებოდნენ. ჩვენ გაბრაზებულ ადამიანებს ვხედავთ არა მხოლოდ თბილისის ქუჩებში, არამედ რეგიონებშიც. აქციები გაიმართა ისეთ ქალაქებშიც კი, სადაც მანამდე საპროტესტო გამოსვლები არ ყოფილა. ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს – ქართული საზოგადოება არის ერთიანი და არის მზად, დაიცვას საკუთარი ქვეყნის თავისუფალი და ევროპული პერსპექტივა. 

ასეთივე განწყობით და შემართებით ვმონაწილეობ აქციებში მეც – ერთი, რიგითი მოქალაქე საოკუპაციო ხაზიდან, რომელიც ყოველდღიურად ვხედავ რუსეთის აგრესიას. მე ყოველთვის ვიდგები იქ, სადაც ჩემი ქვეყნის თავისუფლება იქნება დასაცავი და ყოველთვის მზად ვიქნები, ვიბრძოლო ჩვენი ქვეყნის მთავარი მტერის, რუსეთის წინააღმდეგ.

ჩვენი ქვეყანა იმსახურებს, რომ იყოს ერთიანი, ძლიერი და დამოუკიდებელი. საქართველო ყოველთვის იყო ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. ევროინტეგრაცია ქართველი ხალხის ნება და სურვილია. შესაბამისად, ამაზე უარის თქმა და ამ პერსპექტივის ჩახშობა ვერავინ უნდა შეძლოს. 

დატოვეთ კომენტარი