ხაშურის მუნიციპალიტეტში 3 სკოლის მშენებლობა შეჩერებულია. საქმე ეხება, ირაკლი ზარქუას სიძის ალექსანდრე ამისულაშვილის ყოფილ კომპანიას, რომელიც ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში სკოლის მშენებლობის გაჭიანურებული სამუშაოების გამო, მშობლების პროტესტის შემდეგ, “მოზაიკა” დაინტერესდა, რა ეტაპზეა იმ დანარჩენი 3 სკოლის მშენებლობა, რომელიც ატენის სკოლის მსგავსად, “ლაგი კაპიტალს” უნდა აეშენებინა.
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან 2023 წელს გაფორმებული 20 მლნ-იანი ხელშეკრულების ფარგლებში, ირაკლი ზარქუას სიძის ყოფილ კომპანიას უნდა აეშენებინა, ატენის, ხაშურის N4, სოფელ ნაბახტევის და ქვიშხეთის საჯარო სკოლები.
ხელშეკრულების გაფორმებიდან თითქმის 2 წლის თავზე, ატენის სკოლის მსგავსად, ხაშურის მუნიციპალიტეტის 3 სკოლის მშენებლობის ბედიც გაურკვეველია.
საკითხის გასარკვევად, “მოზაიკა” დაუკავშირდა ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს, მანანა აბაზაძეს. ის ამბობს, რომ “ლაგი კაპიტალს” პრობლემები აქვს, რის გამოც, სამუშაო პროცესი ძალიან დაბალი ტემპით მიმდინარეობს.
“მოხდა საძირკველის დასხმა, გარკვეული ტიპის სამუშაოები შესრულდა, თუმცა შემდეგ ისევ შეაჩერეს მუშაობა. სააგენტომ ეს კომპანია დააჯარიმა, როგორც ვიცი ხელმძღვანელი პირებიც შეიცვალნენ. სამინისტრო ამ ეტაპზე მათ თანხას აღარ ურიცხავს, რადგან პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა და მათ ავანსად რა თანხაც ჰქონდათ დარიცხული, ის ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულეს. ამის გამო სამინისტრო მათ თანხას არ აძლევს, სანამ პირველი ეტაპის ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებს“, – აცხადებს მანანა აბაზაძე.
ოფიციალური დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს “ლაგი კაპიტალისთვის” 5 668 150 ლარი აქვს გადარიცხული. მათ შორის, “ლაგი კაპიტალმა” 4 000 000 წინასწარ, ავანსის სახით მიიღო. ბოლო ჩარიცხვა 2024 წლის 31 დეკემბრით თარიღდება. საახალწლოდ სააგენტომ “ლაგი კაპიტალს” 207 000 ლარი ჩაურიცხა.
რაც შეეხება, “ლაგი კაპიტალის” წილებს – ხელშეკრულების გაფორმების დროს – 2023 წლის 26 აპრილის მდგომარეობით კომპანიის 50%-იან წილს, ირაკლი ზარქუას სიძე ალექსანდრე ამისულაშვილი ფლობდა.
აღნიშნულ ტენდერში “ლაგი კაპიტალის” გამარჯვებას კორუფციის მკვლევრები გამოეხმაურნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ როცა ტენდერში მმართველი პარტიის მაღალჩინოსნის ოჯახის წევრი იმარჯვებს, ეს კორუფციულ გარიგებაზე მიუთითებს. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიამ ტენდერი გამოცდილების არქონის მიუხედავად მოიგო – “ლაგი კაპიტალს” წარსულში მსგავსი სამუშაოების შესრულების გამოცდილება არ ჰქონდა.
ფაქტის გახმაურებიდან მალევე შეიცვალნენ კომპანიის მფლობელები. ზარქუას სიძემ თავისი წილი სრულიად უსასყიდლოდ დათმო, თუმცა იმ პერიოდისთვის თავად ირაკლი ზარქუა ამბობდა, რომ მისმა სიძემ ეს კომპანია გაყიდა. “მოზაიკამ” გადაამოწმა აღნიშნული ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ ალექსანდრე ამისულაშვილმა კომპანია ია რამიშვილს აჩუქა. მოგვიანებით კი, 2024 წლის ბოლოს, რამიშვილმა “ლაგი კაპიტალი” ივანე გახელაძეს გადასცა, ასევე უსასყიდლოდ.
“ლაგი კაპიტალის” მიღებამდე, ივანე გახელაძე მხოლოდ ერთ კომპანიას “ელიფსს” ფლობდა – ის ამ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი იყო.