ბლოგები

“ჩვენი ქვეყნის მომავალი ახლა ქუჩაში აქციებით წყდება”

ავტორი: ირმა მთიულიშვილი

დღევანდელი მდგომარეობა ძალიან გავს 80-იანი წლების ჩემს ბავშვობას, როდესაც ჩვენს მშობლებს უფლება არ ქონდათ კომუნიზმზე და რუსულ რეჟიმზე ხმამალა გამოეხატათ პროტესტი. სკოლებში შვილების მხრიდან აზრის თავისუფალი გამოხატვისთვის მშობლებს სჯიდნენ. ეს დასჯები იყო სხვადასხვა ფორმის – მაგალითად, გარიცხავდნენ პარტიიდან, დააქვეითებდნენ ან სულაც გაუშვებდნენ სამსახურებიდან და დღეს ვხედავთ იგივეს.

“ოცნების” რეჟიმმა დამაბრუნა ჩემს ბავშვობაში, შიშის რეჟიმში. ადამიანებში ცდილობენ დათესონ შიში.

ჩემს ბავაშვობაში, მაშინ, როცა კომუნიზმი ჰყვაოდა, ეკლესიის კარები დაკეტილი გვქონდა, ნათლობები, ჯვრისწერები ჩუმად ხდებოდა და პირველად მახსოვს ეკლესიის კარი ჩემი ოჯახისთვის 1989 წლის 9 აპრილის შემდგომ გაიღო. ახლა იგივე მდგომარეობაა. მორწმუნე ქართველებს გვაშინებენ, თითქოს ცივილურ ქვეყნებთან ურთიერობა იმ ეკლესიის კარს გამოგვიხურავს, რომელიც წინა საუკუნეში თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველების სისხლისღვრით გაიღო და კომუნიზმთან ბრძოლამ, ევროპისკენ, თავისუფლებისკენ სწრაფვამ მართლმადიდებლობა გაგვიმყარა და დაგვანახა, რომ მორწმუნეობა მონობას კი არა, თავისუფლებას ნიშნავს.

ახლა ბევრად უარეს რეჟიმში დაგვაბრუნა “ოცნების” კლანმა. წინ უამრავი მაგალითები გვაქვს, მუქარა, შანტაჟი, შვილების გატაცება მშობლების გვერდიდან, დედის გვერდით ნაცემი ახალგაზრდობა, ქვეყნის სიყვარულისთვის დასჯილი ჟურნალისტები, სასამართლო პროცესები გაუგონარი ამბებით… 

ახალგაზრდებს პატიმრობაში უშვებენ და ამით მომავალს უკლავენ მაშინ, როცა ნარკოდილერების, მოძალადე ადამიანების, მკვლელების, პედოფილების საქმეები თაროზე აქვთ შემოდებული, თუმცა ეს დიდიხანი არ გასტანს. ახლა ის დრო არაა ფარხმალი დაყაროს საზოგადოებამ, ახლა დროა ჩვენი წართმეული ახალგაზრდობა გავაცოცხლოთ იმ ბავშვებში, რომლებიც ჩვენი, ჩვენი შვილების, მშობლების და ჩვენი გმირების გამო ყოველდღიურად რუსთაველზე იკრიბებიან.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, მე იმ რეჟიმში ვიზრდებოდი, სადაც ცხოველებს ქუჩაში იარაღით კლავდნენ, მშობლებს შვილების გამო სჯიდნენ და ისევ ის დრო დაბრუნდება ახლა, თუ არ შევცვალეთ ეს ფაშისტური რეჟიმი. ახლა თუ არ დავდექით სამშობლოს მხარეს, იმაზე უარესი დრო დადგება, რაც ჩვენი თაობის ადამიანების მეხსიერებას შავ ლაქად ახსოვს.

ახლა ის ადამიანებიც კი, ვისაც წლების განმავლობაში “ქართული ოცნების” აზრების გათვალისწინება უწევდა, იმ თავისუფალი, ლაღად მოაზროვნე ახალგაზრდების გვერდით უნდა დადგენენ, ვისაც სამშობლოს სიყვარულისთვის და პატრიოტიზმისთვის სჯიან. ჩვენი მომავალი ახლა ქუჩაში აქციებით წყდება.

გორელებმა ყველაზე მეტად ვიგრძენით რუსული აგრესია, ამიტომ ბრძოლა გვმართებს თავისუფლებისთვის. ახლა თუ დავთმეთ, რამდენიმე წელში ჩვენი შვილები, შვილიშვილები რუსული ჯარის მსახურები იქნებიან და საქართველოს ჩემპიონები კი არა, რუსეთის სახელით გასული სპორტსმენები ვიქნებით.

ჩვენთვის საკმარისი უნდა იყოს გინტურის ზურგში დახლილი ტყვია და ვეფვია კასრაძის შემართება გისოსებიდან, რომელიც ომის ვეტერანი, მრავალშვილიანი მამა, თავდადებული ქართველია. ჩვენთვის მაგალითია მისი გმირობა და მხოლოდ სასაცილოა ის ბრალდება, რის გამოც ის ახლა რეჟიმს დატყვევებული ყავს. სამაგალითოა მისი მეუღლის შემართება, რომელიც კიდევ მეტად მაძლიერებს.

ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის და ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ახლა ყველაზე მეტად გვმართებს ერთად და იმედიანად ყოფნა, რომ ილიას ნატვრა ახდება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.