სტატიები

როგორ იმარჯვებს თბილისის მერიის თანამშრომლის კომპანია გორის მერიის ტენდერებში

კომპანია, რომელსაც გორის ბიუჯეტიდან 5 მილიონ ლარამდე აქვს მიღებული, თბილისის მერიის თანამშრომლის სახელს უკავშირდება. როგორც “მოზაიკამ” გაარკვია, გორის მერიასა და აღნიშნულ კომპანიასთან უწყვეტი თანამშრომლობა მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიის მეწილე ზაზა კვიციანი გახდა, რომელიც კახი კალაძის მერობის პერიოდში თბილისის მუნიციპალური ინსპექციის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

ზაზა კვიციანი

კომპანიას „ოპტიმალ გრუპ +” გორის მუნიციპალიტეტის მერიისგან, ბოლო 4 წელში, 5 მლნ ლარამდე აქვს მიღებული. გორის მერიის და კომპანიის ურთიერთთანამშრომლობა 2020 წლიდან იწყება და მას შემდეგ, რაც კომპანიის ერთ-ერთი მეწილე ზაზა კვიციანი გახდა, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

კომპანიის მფლობელების ცვლილებამდე, “ოპტიმალ გრუპ +” არა მხოლოდ გორის, არამედ ქარელის, კასპის და ხაშურის მერიებს ტენდერების უსამართლო პირობებში წარმართვაში ადანაშაულებდა. კერძოდ, 2019 წლის მარტში, კომპანიამ ოთხივე მუნიციპალიტეტს დავების საბჭოში უჩივლა – საჩივრებში წერია, რომ მერიები სატენდერო პირობებს მისი კონკურენტი კომპანიის სასარგებლოდ ადგენდნენ და ამით მას ტენდერში მონაწილეობის საშუალებას უზღუდავდნენ. 

საჩივრების წარდგენიდან რამდენიმე თვეში, 2019 წლის დეკემბერში, კომპანიის წილები ახლებულად გადანაწილდა და მისი 9,5%-იანი წილის მფლობელი ზაზა კვიციანი გახდა. როგორც “მოზაიკამ” გაარკვია, კვიციანმა 100 000 ლარად 9%-იანი წილი იყიდა კომპანიის ყოფილი მეწილეს მიხეილ კილაძისგან, ხოლო 5 000 ლარად – 0,5%-იანი წილი შეიძინა ნინა კარბელაშვილისგან, რომელიც მაშინაც და ახლაც კომპანიის დირექტორია. 

წილების ახლებული გადანაწილებიდან, ერთ თვეში, კომპანიამ გორის მერიის ტენდერი პირველად მოიგო და უწყებასთან 2-წლიანი ხელშეკრულება გაფორმა. 

მას შემდეგ, გორის მერია ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურებას უცვლელად აღნიშნული კომპანიისგან ყიდულობს და ამ ფაქტს ახლა უკვე სხვა კომპანია ასაჩივრებს. 

| გორის მერიას უჩივიან, რომ სატენდერო პირობებს „ოპტიმალ გრუპ +”-ს არგებს 

გორის მუნიციპალიტეტის მერია ოპტიმალ გრუპთან ხელშეკრულებებს 2020 წლიდან აფორმებს. ერთი ტენდერის საშუალო ღირებულება 3 000 000 ლარს აღწევს.

2024 წლის მიწურულს, გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, იგივე მომსახურების შესყიდვის მიზნით, გამოცხადებულ ტენდერში კვლავ “ოპტიმალ გრუპი +” იღებს მონაწილეობას. ბოლო მონაცემებით, ის გამარჯვების ერთადერთი პრეტენდენტი იყო, თუმცა მას შემდეგ რაც კომპანია “სქაისქეიფერმა” აღნიშნული ტენდერი გაასაჩივრა, მოცემულობა შესაძლოა შეიცვალოს. 

კერძოდ, მომჩივანი კომპანია “სქაისქეიფერი” თვლის, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიამ იმგვარად შეადგინა სატენდერო პირობები, რომ დანარჩენ კომპანიებს წაერთვა შესაძლებლობა მიეღოთ მონაწილეობა აღნიშნულ ტენდერში. მომჩივანი მიუთითებს, რომ გორის მერიის პირობა, რომელიც კომპანიას ავალდებულებს გვირაბების მშენებლობის და ზედამხედველობის გამოცდილებას არ არის ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისი და ხელს უშლის ტენდერის კონკურენტუნარიანობას.

2 770 000- ლარიან ტენდერში მონაწილეობის მიღებას, მერიის მიერ მოცემული პირობების გათვალისწინებით, მხოლოდ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის დირექტორის მოადგილის კომპანია ახერხებს.

შესყიდვების ეროვნული სააგენტოს დავების საბჭომ კომპანია “სქაისქეიფერის” საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. საბჭომ გორის მერიის მიერ გაგზავნილი არგუმენტები სარწმუნოდ არ მიიჩნია და უწყებას დაავალა გადახედოს ხელახლა სატენდერო პირობებს. 

გორის მერია მიუთითებს, რომ 2025 და 2026 წლებში იგეგმება გზების მოწყობა/რეაბილიტაცია, „საავტომობილო გზების შესახებ“ კანონის თანახმად, გზების მოწყობა/რეაბილიტაცია მოიცავს: მიწის ვაკისს, სავალ ნაწილს, ხიდებს, გვირაბებს და ა.შ

მერიის აღნიშნულ არგუმენტე დავების საბჭო წერს, რომ ხსენებული წარმოადგენს მხოლოდ შემსყიდველი ორგანიზაციის ზეპირსიტყვიერ განმარტებას.

ამავდროულად, ის გარემოება, რომ „საავტომობილო გზების შესახებ“ კანონის თანახმად, გზების მოწყობა/რეაბილიტაცია მოიცავს: […] გვირაბებს“, იმთავითვე არ ადასტურებს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ კონკრეტულად გვირაბ(ებ)ის მოწყობის საჭიროების არსებობას” , – წერს დავების საბჭო.

შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭომ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიას დაავალა დეტალურად იმსჯელოს აღნიშნულ გარემოებებზე და მხოლოდ ამის გათვალისწინებით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა შეჩერებული. 

დატოვეთ კომენტარი