სტატიები

კომპანიას, რომელმაც ატენში ხიდი მოაწყო, გორის მერიამ ერთ წელში ₾100 000 გადაუხადა

კომპანიას, რომელმაც ატენში სამანქანო გადასვლელი მოაწყო, გორის მერიამ ერთ წელში 100 000 ლარამდე თანხა გადაუხადა. 

საუბარია შპს-ზე “ნითე”, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმდინარე წელს 5 ხელშეკრულება – ყველა მათგანი უტენდეროდ, გამარტივებული წესით.

ხელშეკრულებები აღნიშნულ კომპანიასთან სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოებისთვის გაფორმდა. ერთ-ერთი ბოლო ხელშეკრულება ატენში, ფუხაანთუბანში სამანქანო ხიდის მოწყობას ეხებოდა, რომელშიც გორის მერიამ 18 000 ლარი გადაიხადა. 

აღნიშნული სამუშაოების დასრულების შესახებ კომპანიის დირექტორმა 25 დეკემბერს წერილობით აცნობა გორის მერის მოვალეობის შემსრულებელს. მერიამ შესრულებული სამუშაოების ხარისხი მოიწონა და ჩაიბარა. 

ფუხაანთუბანში სამანქანე გადასასვლელის გარდა, “ნითეს” გორის მერიამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შესასრულებელი სხვა სამუშაოებიც ანდო:

  • ფუხაანთუბანში სამანქანო ხიდის მოწყობა – 18 004 ლარი (დასრულებული); 
  • ხელთუბანში წყაროს რეაბილიტაცია – 18 601 ლარი;
  • თედოწმინდაში გზების მოხრეშვის სამუშაოები – 18 553 ლარი (დასრულებული); 
  • კარალეთში სკვერის შემოღობვა და ძევერაში სკვერთან ასფალტ-ბეტონის მოწყობა – 28 082 ლარი;
  • ქვემო არცევში გზების მოხრეშვა – 15 983 ლარი. 

შპს “ნითე” გორში რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელი დავით ლომიტაშვილია. კომპანიის დანარჩენ 50%-ს კი იოსებ წკრიალაშვილი ფლობს. 

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ტენდერების გარდა, “ნითეს” მონაწილეობა უფიქსირდება ქარელის, კასპის და მცხეთის მიერ გამოცხადებულ ტენდერებშიც. ჯამში, აღნიშნულ კომპანიას ბიუჯეტიდან 514 976 ლარი აქვს მიღებული:

  • 20 მოგებული ტენდერით – 183 698 ლარი;
  • 48 გამარტივებული შესყიდვით – 331 278 ლარი.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.