სტატიები

აგარის შაქრის ქარხნის მუშები გაიფიცნენ

ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში შაქრის ქარხნის მუშები გაიფიცნენ. ისინი მეპატრონისგან დაპირებულ პრემიას და ხელფასის 20%-იან მატებას ითხოვენ.

გაფიცულები ამბობენ, რომ თუ მეპატრონე მათ მოთხოვნას შეასრულებს, დღესვე განაახლებენ მუშაობას.

გუშინ შეგვხვდა დირექტორი, ველოდებით მისგან დადებით ან უარყოფით პასუხს. ხომ უნდა გაგვაგებინონ, აკმაყოფილებენ თუ არა ჩვენ მოთხოვნებს. შეასრულონ ჩვენი მოთხოვნები და დღესვე განვახლებთ მუშაობას”, – ამბობს ერთ-ერთი მუშა გოჩა მერეკლიძე.

როგორც გაფიცულები ამბობენ, მათი თვიური ხელფასი 380 ლარია. 

ჩვენ გვაქვს ყველაზე დაბალი ხელფასი 380 ლარი. 9 შვილის დედა ვარ. რომ ვუთხარი, ხელფასი მოგვიმატეთ-მეთქი, არ შეგვიძლიაო. დაგვპირდნენ პრემიას და მე-13 ხელფას და არაფერს არ გვაძლევენ. თუ არ შესრულდება დანაპირები, არავინ არ იმუშავებს”, – თქვა ქეთევან ტლაშაძემ.

გაფიცულების მოთხოვნებს სამართლიანად მიიჩნევს აგარაში მერის წარმომადგენელი თემურ ხმალაძე. მისი თქმით, მუშების ანაზღაურება მათი შრომის შეუსაბამოა. 

აგარის ქარხანაში არ არის ისეთი ანაზღაურება, როგორიც უნდა იყოს. ეს ხალხი ზუსტად იმიტომ არის შეკრებილი, რომ ითხოვენ ანაზღაურების გაზრდას. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, დირექტორისგან იყო დაპირება, რომ ხალხს უნდა ქონოდა ბონუსის სახით საახალწლო დახმარება, თუმცა გუშინ ხალხს გამოუცხადეს, რომ ეს საჩუქარი მოიხსნა და აღარ იქნებოდა“, – განაცხადა თემურ ხმალაძემ.

აგარის შაქრის ქარხანაში 450 მუშაა დასაქმებული.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი