სტატიები

“10 მილიონ ლარიანი ზრდა გვაქვს” – საკრებულომ გორის 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა 

გორის საკრებულომ 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. სხდომას არც ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი არ ესწრებოდა. მცირედი შენიშვნები ისმოდა მმართველი პარტიის იმ წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც ინფრასტრუქტურული პროექტების მეტად ეფექტურად დაგეგმვას ითხოვდნენ. 

“გზები რომ იგება, ეს კი კარგია, მაგრამ ხალხის მოთხოვნაც ხომ უნდა გავითვალისწინოთ. საკანალიზაციო სისტემებიც უნდა მოეწყოს მაგ გზებზე, რადგან უამინდობის დროს ზოგი ქუჩა ისე იტბორება, რომ ხალხს გადაადგილება უჭირს და ისევ უკმაყოფილოები რჩებიან“, – თქვა მანუჩარ ლაფაჩმა და ამის მაგალითად, გორში გვერდწითელის ქუჩა მოიყვანა. 

“ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა ყურადღება ისეთ ინფრასქტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილეს, რომლებიც პრობლემას დროებით აგვარებს და საბიუჯეტო ხარჯებს ზრდის. კერძოდ, საუბარი იყო გზების მოხრეშვაზე. 

გზების მოხრეშვა საბოლოოდ დანახარჯებს ზრდის, რადგან გრძელვადიან შედეგს არ იძლევა და მოხრეშვიდან რამდენიმე თვეში მოსახლეობას იგივე პრობლემები ექმნება. ამიტომ უმჯობესი იქნება, შევიმუშაოთ ისეთი პროექტები, რომლებიც კაპიტალურად მოაწესრიგებს გზებს“, – თქვა თამარ მურალოვამ. 

ინფრასტრუქტურულ საკითხებზე რეკომენდაციები ჰქონდა ოპოზიციასაც, თუმცა სხდომაზე მათი არყოფნის გამო, უცნობია, რა ფორმით გაითვალისწინა ისინი მერიამ. ამ საკითხზე საუბრისას საკრებულოს თავმჯდომარემ თქვა, რომ ოპოზიციის რეკომენდაცია ამ მიმართულით ბიუჯეტში აისახა. 

ინფრასტრუქტურულზე არავის უარი არ ეთქვა უბრალოდ დასაბუთებულად იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული, რომ წლის განმავლობაში პროექტების უმრავლესობა განხორციელდება“, – გვითხრა დავით რაზმაძემ. 

ოპოზიციის არყოფნის და მმართველი პარტიის შენიშვნების ფონზე, გორის ბიუჯეტი დღეს დამტკიცდა. როგორც მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა აღნიშნა ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით 10 მილიონი ლარით გაიზარდა. 

დღეს დამტკიცდა 2025 წლის ბიუჯეტი, რომელიც განისაზღვრა 89 766 600 ლარით. ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტების მიხედვით გადანაწილდა, რა თქმა უნდა, კულტურის, სპორტის, განათლების და სხვა პრიორიტეტების მიხედვითაც, თუმცა ძირითადი მიმართულება არის ინფრასტრუქტურა. დაახლოებით 10 მლნ ლარიანი ზრდა გვაქვს გასულ წელთან შედარებით. წლის ბოლომდე დაახლოებით 20 მილიონამდე ზრდას ველოდებით“, – გვითხრა დალი ტლაშაძემ. 

ინფორმაციისთვის, ოპოზიცია ბიუჯეტის დამტკიცების პროცესს ბოიკოტის ნიშნად არ დაესწრო. წინა პერიოდში, ოპოზიციონერი დეპუტატები “მოზაიკას” ეუბნებოდნენ, რომ საბიუჯეტო თანხებს ადგილობრივი ხელისუფლება საკუთარი შეხედულებებისამებრ ანაწილებდა და შესაბამისად, პროცესში მათი ჩართულობა, გასული წლების პრაქტიკის გათვალისწინებით, ფორმალური იყო. 

დატოვეთ კომენტარი