სასამართლოს ხუთ-დღიანი ვადა აქვს იმის გადასაწყვეტად, მიიღებს თუ არა “გორელ ფოტოგრაფთა კლუბის” სარჩელს, რომლითაც კლუბის წევრები მერიის გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ.
“გორელ ფოტოგრაფთა კლუბი” ფიქრობს, რომ გორის მერია მათ წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაციას ახორციელებს და სწორედ ამიტომ აძევებს მათ იმ სივრციდან, სადაც “ხელოვნების სახლია” განთავსებული.
ორგანიზაციის ინტერესებს “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი ლექსო მერებაშვილი დაიცავს, რომლის თქმითაც, მერიამ “გორელ ფოტოგრაფთა კლუბთან” დადებული ხელშეკრულება დასაბუთების გარეშე შეწყვიტა.
“მერიამ საკუთარ განცხადებაში კი მიუთითა, რომ ხელშეკრულების შეყვეტის უფლება გვაქვს და ამ პუნქტის მიხედვით მივიღეთ ეს გადაწყვეტილებაო, მაგრამ ხელშეკრულებაში ასევე გაწერილია მისი შეყვეტის პირობები, რაც მერიამ არ გაითვალიწინა. მათ ვერც საჭიროება ვერ დაასაბუთეს, რაში სჭირდებოდათ მაინცდამაინც ეს უძრავი ქონება და ვერც ის დაასაბუთეს, რომ ვალდებულება დაარღვია ფოტოგრაფთა კლუბმა“, – ამბობს მერებაშვილი.
იურისტი “მოზაიკას” ესაუბრა იმ განცხადებაზეც, რომლითაც გორის მერიამ საკუთარი გადაწყვეტილების ახსნა სცადა.
განცხადების მიხედვით, გორის მერიის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ მუნიციპალიტეტი აღნიშნულ სივრცეში გეგმავს ინოვაციების ცენტრის მოწყობას ახალგაზრდებისთვის. უწყების განცხადებითვე, ხელშეკრულებაში დარღვეულია ხელშკრულების ერთ – ერთი პირობა, რომელიც ხელშეკრულების შეწყვეტის კიდევ ერთი მიზეზი გახდა – ა(ა)იპს ხელშეკრულების მიხედვით უნდა განეხორციელებინა ელექტროენერგიის განმხოლოება (ცალკე აბონენტად აყვანა) და კომუნალური გადასახადების გადახდა, რაც არაა შესრულებული.
მერიის ეს არგუმენტები, იურისტის შეფასებით, დაუსაბუთებელი და არასარწმუნოა.
“მერიას ნებისმიერ დროს შეეძლო გაეწყვიტა ხელშეკრულება, ოღონდ დასაბუთებული საჭიროების შემთხვევაში. ის, რომ თითქოს ცალკე აბონენტად არ დარეგისტრირდნენ, ვერ ჩაითვლება მაგ მიზეზად, რადგან ვადებიც არ არის ჯერ გასული იმისა, რომ “ენერგოს პროს” პასუხი მიეცა. გარდა ამისა, ირკვევა, რომ ეს პროცესი მერიის ჩართულობით უნდა განხორციელებულიყო და ამ შემთხვევაში, ამ არგუმენტზე საუბარი საერთოდ ზედმეტია. რაც შეეხება მეორე არგუმენტს, რომ შენობაში ინოვაციების ცენტრი უნდა გახნსნან, ეს სასამრთლომ შეიძლება ჩათვალოს არგუმენტად, მაგრამ აქაც ბევრი კითხვის ნიშანია“, – ამბობს იურისტი.
მთავარი საკითხი, რაც მერიის არგუმენტებს საეჭვოს ხდის, “გორელ ფოტოგრაფთა კლუბთან” ხელშეკრულების დადების ვადებია.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, აღნიშნული სივრცეზე უზურფრუქტის უფლება გორის მერიამ “გორელ ფოტოგრაფთა კლუბის წევრებს” მიმდინარე წლის 24 სექტემბერს გაუგრძელა. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, კლუბის წევრებს სივრცით სარგებლობა 2026 წლამდე უნდა შესძლებოდათ, თუმცა 16 ნოემბერს მოწყობილი ინსტალაციიდან “ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის” 5 დღეში, მერიამ კლუბის წევრებს აცნობა, რომ მათთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტას აპირებდა.
“რატომ გაუგრძელა მერიამ ორ-წლიანი ხელშეკრულება, თუკი სხვა ორგანიზაციის შემოყვანას აპირებდა ამ სივრცეში?! ორი თვით ადრე რატომ გაუგრძელა უზურფრუქტით ხელშეკრულება?! – ესაა ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რაზეც მერიის განცხადებაში დამაჯერებელი და დასაბუთებული პასუხი არ არის“, – ამბობს იურისტი.
სასამართლო დავის პარალელურად, კლუბის წევრები სოციალურ კამპანიასაც გეგმავენ.