“ქართული ოცნება” დაგვცინის ქართველ ხალხს, – ასე ეხმაურება კოალიციის “ერთიანობა” წევრი ბექა ქორჩილავა საპრეზიდენტო კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას.
როგორც გორის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, ბიძინა ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება არის საზოგადოების აბუჩად აგდება.
“წარსული პრეზიდენტების ფონზე, როგორ შეიძლება ეს ადამიანი წარმოადგენდეს ჩვენ ქვეყანას?! ამ კანდიდატურის დაყენება არის ყოვლად წარმოუდგენელი და აბუჩად აგდება ჩვენი საზოგადოების“, – ამბობს ქორჩილავა.
მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებით, “ქართული ოცნება” კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისთვის ცოდნა და ინტელექტი პრიორიტეტული არ არის.
“მათთვის მთავარია იყო მონურ მორჩილებაში და ყველაფერზე ხელის მომწერი ადამიანი. გონებრივი შესაძლებლობები და ინტელექტი მეათასე ხარისხოვანია. ივანიშვილი დანიშნავს მორიგ მონას ქვეყნის პრეზიდენტად, რომელიც ყველაფერზე ხელს მოაწერს. ეს იქნება ფორმალური პრეზიდენტი და დავალებების შემსრულებელი“, – აღნიშნა ქორჩილავამ.
მიხეილ ყაველაშვილი, რომლის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი პარლამენტში არ ინახება, პრეზიდენტობის კანდიდატად დღეს ბიძინა ივანიაშვილმა წარადგინა.