ახალი ამბები

გორელი ჟურნალისტების ცემაში ბრალდებულებს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ტვ მონიტორინგის ჟურნალისტის და ოპერატორის მიმართ განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარედგინა –  ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

“სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, ტელეკომპანია ,,მედია მონიტორინგის“ ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტზე მხილებული იქნა 2 პირი. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულების მომართვის შემდეგ, დაუყოვნებლივ ჩაატარა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, გამოიკითხნენ ფაქტის შემსწრე პირები, მოპოვებული იქნა ძალადობის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, ჩატარდა ამოცნობა და დაინიშნა ექსპერტიზა”, – აცხადებს უწყება.

უწყების თქმით, დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 23 ივლისს, ტელეკომპანიის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც გორი-თბილისის მარშრუტზე მოძრავ სამგზავრო მიკროავტობუსებში არსებულ პრობლემებს შეეხებოდა. აღნიშნულ სიუჟეტთან დაკავშირებით კი 25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის“ ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ ორმა მოქალაქემ გამოხატა აგრესია და მათზე ფიზიკურად იძალადა. მიყენებული დაზიანებების გამო, ოპერატორი გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში”, – ამბობს უწყება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დანაშაულში მხილებულ პირებს ე.გ.-ს და თ.ლ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა.

ინფორმაციისთვის, 25 ივლისს“ტვ მონიტორინგის” ჟურნალისტებს გორი-თბილისის მიკროავტობუსის მძღოლი ფიზიკურად გაუსწორდა, როგორც შოთა სადაღაშვილი “მოზაიკასთან” საუბარში ამბობდა, ამის მიზეზი ის მასალა გახდა, რომელიც მან და მისმა ოპერატორმა მიკროავტობუსებში არსებულ მდგომარეობაზე მოამზადა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.