გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის “გორი-საქართველოსთვის” წევრები 2025 წლის ბიუჯეტის ფორმირებაში მონაწილეობას არ იღებენ.
ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა ფანიაშვილის თქმით, ის რეკომენდაციები, რომელსაც ოპოზიცია მერიას უგზავნის, მხოლოდ ფორმალობაა.
“წინა წლების პროცესების გათვალისწინებით, ეს მხოლოდ ფორმალობაა და არავინ არაფერს არ ითვალისწინებს. შესაბამისად აღარც რეკომენდაციები გაგვიგზავნია მერიისთვის“, – ამბობს ფანიაშვილი.
ფრაქციის წევრების განმარტებით, ისინი ბიუჯეტის დამტკიცების პროცესს დაესწრებიან, თუმცა წარმოდგენილ პროექტს მხარს არ დაუჭერენ.
“ბიუჯეტის დამტკიცებას დავესწრებით, მაგრამ მხარს არ დავუჭერთ. გაერთიანებული კომისიების სხდომასაც არ დავესწარით, იმიტომ რომ სხდომას რომ დაესწრო, მაშინ შენიშვნებიც უნდა წარადგინო, ჩვენ კი ბიუჯეტის პროექტზე შენიშვნები არ წარგვიდგენია“, – განმარტავს მამუკა.
ინფორმაციისთვის, 18 ნოემბერს მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა. დეპუტატებს შენიშვნების წარდგენა 22 ნოემბრამდე შეეძლოთ. მომავალი წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსია კი 25 დეკემბრამდე უნდა დამტკიცდეს.