გორის მუნიციპალიტეტის მერს კონსტანტინე თავზარაშვილს, თბილისის მერზე კახა კალაძეზე მეტი ხელფასი აქვს.
“სახელფასო პოლიტიკა თვითმმართველობებში და პრემიერის დაპირება” , – აღნიშნული ანგარიში არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-მ გამოაქვეყნა, სადაც მიმოხილულია საქართველოს მასშტაბით ყველა მერის ხელფასები.
ამ ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მაღალი ხელფასი – 4 500 ლარი, ბათუმის მერს აქვს. გორის მერის ხელფასი 3 200 ლარია. კალაძის ხელფასი, თავზარაშვილის ხელფასთან შედარებით 20 ლარით ნაკლებია. ასევ აღსანიშნავია, რომ ქარელის მერს გორის მერზე მაღალი ხელფასი აქვს.
როგორც ცნობილია, 2021 წლის 9 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საჯარო მოსამსახურეების შრომის ანაზღაურების ზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურება ვერ უწევს კონკურენციას კერძო სექტორს. შესაბამისად, 2022 წლიდან სახელმწიფო სექტორში ხელფასების ზრდა იგეგმება.
IDFI თვლის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პრემიერ-მინისტრის მხრიდან საჯარო სამსახურში ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით გაკეთებული დაპირებები შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც საარჩევნო პროცესზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენის მცდელობა.