ბლოგები

“სიჩუმე ნიშნავს მომავალი თაობის გაწირვას”

ავტორი: ნინო ჩიბჩიური

საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები რომ გაყალბდა, ეს უკვე არაერთი მტკიცებულებით დადასტურდა. ამის შესახებ საზოგადოებამ კონკრეტული ფაქტები და მანიპულაციები საარჩევნო უბნებზეც ნახა. სწორედ ამიტომ ეჭვი აღარავის ეპარება, რომ 26 ოქტომბერს საქართველოში რუსული სპეცოპერაცია განხორციელდა.

არჩევნებში ჩარევა პოლიტიკური კონტროლის მოსაპოვებლად, რუსეთის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. ეს არის თანამედროვე სამხედრო და პოლიტიკური კონფლიქტის ფორმა, რომელიც მიზნის მისაღწევად გულისხმობს არა მხოლოდ თავდასხმას სამხედრო ძალით, არამედ სხვადასხვა არაპირდაპირი ტაქტიკით გავლენების მოპოვებას – მაგალითად, დეზინფორმაციით, ეკონომიკური ზეწოლით, კიბერშეტევებით, პოლიტიკური მანიპულაციებით.

ჰიბრიდული ომი, როგორც კონცეფცია, მოიცავს მასშტაბურ გრძელვადიან ოპერაციებს, რომლის მიზანი მხოლოდ ტერიტორიების ოკუპაცია კი არა, არამედ კონკრეტული სახელმწიფოს შიგნით სტაბილურობის დარღვევა, საზოგადოების პოლარიზაცია და ქვეყნის დამოუკიდებლობის შერყევაა.

საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოლენები ამ ყველაფერს ნათლად ასახავს, სადაც კრემლის „რბილი ძალის“ შედეეგად, აშკარა ხდება ვითარების გაუარესება დემოკრატიის, სუვერენიტეტის და ევროატლანტიკური ორიენტაციის კუთხით, თუმცა საზოგადოების ნაწილი სათანადოდ ვერ აღიქვამს იმ მოსალოდნელ საფრთხეებს, რაც კრემლის სტრატეგიის კვალდაკვალ, საქართველოში რუსიფიკაციის პროცესს უკავშირდება.

დეზინფორმაცია და საინფორმაციო ომი, კიბერშეტევები, პოლიტიკური მანიპულაციები და ა.შ. საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ინტენსიურად ვითარდება და შედეგად, ქვეყანა ცივილიზებულ, დემოკრატიულ მომავალს კარგავს. ამიტომ მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ, რა გვემუქრება ამ ქვეყნის მოქალაქეებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საქართველოსთვის დასაშვები გახდება უფრო მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირი რუსეთთან.

პირველ რიგში, ამ საფრთხეზე ქართველი დედები უნდა წუხდნენ. რადგან თუ რუსეთმა სრულად მოიპოვა კონტროლი საქართველოზე, მათ შვილებს მოუწევთ მიიღონ მონაწილეობა არაერთი სამხედრო კონფლიქტში, რომელიც რუსეთის ინტერესებს ემსახურება.

რუსეთი უკვე მრავალი წელია, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში საკუთარი გავლენის გააფართოებას ცდილობს და მოულოდნელი არ იყო, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის ის განსაკუთრებულად ემზადებოდა და ამისთვის ჰიბრიდული ომის მთელ არსენალს გამოიყენებდა. მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო და განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა.

რუსული გავლენების ზრდასთან ერთად, მოიმატებს რისკი, რომ ქართველ ჯარისკაცებს და სამხედრო ძალებს მოუწევთ ჩართვა რუსეთის სამხედრო ოპერაციებში, რომლებიც შესაძლოა მოიცავდეს სხვადასხვა კონფლიქტებს, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომს ან სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის გეგმის განხორციელებას, რაც უფრო ფართო საერთაშორისო კონფლიქტების ნაწილად აქცევს საქართველოს. „პატრიოტული“ და„სამხედრო ვალდებულებების“ სახელით, რუსეთი შეძლებს აიძულოს საქართველოს მოსახლეობა ჩაერთოს სხვადასხვა რეგიონულ ომებში, რაც ნიშნავს, რომ ქართველი დედები დაკარგავენ შვილებს ისეთ ომებში, რომლებიც შეიძლება მათი ქვეყნის ინტერესებს სრულიად არ შეესაბამებოდეს.

დედებისთვის კი, ეს არა მხოლოდ უსაფრთხოების და ფიზიკური საფრთხის, არამედ კულტურული, სოციალური და ოჯახური დამოუკიდებლობის დაკარგვის ტოლფასიც იქნება.

ხელისუფლება, რომელიც საქართველოში ამომრჩევლის გულის მოგებას ზნეობისა და ოჯახური ღირებულებების შენარჩუნების დაპირებით ცდილობდა, რეალურად ხელი შეუწო ყველა იმ საფრთხის დღის წესრიგში მოყვანას, რაც პირდაპირ მიმართულია ქართველის, როგორც ერის განადგურების რისკისკენ. მიგრაციის მაჩვენებლის ყოველწლიურად გაზრდის პარალელურად, ქვეყანაში თანდათან გაქრება თავისუფალი საზოგადოებაც, რომელიც ავტორიტარიზმში ცხოვრებას ვერ გაუძლებს.

ამ რეალობის შექმნაში წვლილი მიუძღვის ყველას, ვინც სიჩუმე ამოჯობინა და გადამწვეტ მომენტში კომფორტის ზონიდან არ გამოვიდა. ვინც დღევანდელი სტაბილურობა არჩია მომავლის განვითარებას. ვინც სხვადასხვა პირობით და გარანტიით, უკანონონო დავალებების შესრულებას დათანხმდა. ვინც დისკომფორტის თავიდან არიდება „შვილების, კრედიტების და სხვა შესაძლო პრობლემის“ მიზეზით ახსნა. სინამდვილეში ამას ქვეყნის ღალატი ჰქვია, რასაც მომავალი თაობა ვერასოდეს აპატიებს.

სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, გადამწყვეტი როლი ეკისრებათ ქართველ ქალებს და განსაკუთრებით დედებს, მომავლის შენარჩუნებისა და გადარჩენისთვის. სხვა შემთხვევაში, საფრთხე ემუქრებათ მათ შვილებს და არა იმ მაღალჩინოსანთა შთამომავლს, რომლებიც დასავლეთის კრიტიკის პარალელურად, იქ განათლების, ბიზნესის და სხვა სიკეთეების სახით, პირადი კეთილდღეობის რესურსს იქმნიან.

დატოვეთ კომენტარი