სტატიები

ქალები ჟურნალისტიკაში – გამოწვევები და განვითარების გზები

“ვერ წარმომიდგენია ქალი ჟურნალისტი, რომელსაც არ აქვს გამბედაობა. ჟურნალისტიკას სჭირდება ძალიან დიდი მოთმინების უნარი, სჭირდება მხნედ ყოფნა და რაც მთავარია საკუთარი თავის რწმენა”.


თათია გოგოლაძე 13 წელია ჟურნალისტია. ის შიდა ქართლში მიმდინარე მოვლენებს ყოველდღიურად აშუქებს და საზოგადოებას რეგიონში მიმდინარე პროცესებს აცნობს.


თათია ამბობს, რომ საზოგადოებაში ბოლო დროს არსებული განწყობების მიუხედავად, საყვარელი პროფესიაზე უარის თქმა არასოდეს უფიქრია.

თათია გოგოლაძე

საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული სტერეოტიპები ქალების მიმართ, მაგრამ ამ მიდგომების დასაძლევად ისევ ჩვენი აქტიურობაა საჭირო. ადამიანების ნაწილში ეს სტერეოტიპები ძლიერადაა გამჯდარი და შეცვლა საკმაოდ ძნელია. ბოლო დროის მოვლენებს თუ გავიხსენებთ, ჩვენმა უამრავმა კოლეგამ აგრესიისა და ძალადობის ქარცეცხლში გაიარა, ამან შესაძლოა კიდევ უფრო მეტად დაამძიმა სიტუაცია იმ მშობლებისთვის, ვისი შვილიც ჟურნალისტობას აპირებს. მათ გაუჩნდათ შიში და ზოგიერთმა შეიძლება ურჩია კიდეც შვილს, რომ სხვა პროფესიაზე ეფიქრა

მრავალი წელი აქტიურ ჟურნალისტიკაში გაატარა ია თინიკაშვილმაც, ის ახლა სხვადასხვა გამოცემასთან თანამშრომლობს და პარალელურად გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ის “გორის მაცნე” ხელმძღვანელია. ია ამბობს, რომ ჟურნალისტიკას გენდერი არ გააჩნია და როგორც კაცს, ისე ქალ ჟურნალისტს შეუძლია წარმატებით გაართვას თავი სხვადასხვა სირთულის გამოწვევას.

ია თინიკაშვილი

ომის დროს ერთი შეხედვით, შეიძლება ითქვას, რომ ბიჭი ჟურნალისტები უფრო მუშაობდნენ წინა ხაზზე, მაგრამ ეს თავად მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკით იყო განსაზღვრული, თუმცა ცხელ წერტილებში მუშაობა მოგვიხდა ჩვენც, ქალ ჟურნალისტებსაც. განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს, იმიტომ რომ კონფლიქტის ზონაში მუშაობის მეტი გამოცდილება და კვალიფიკაცია გვქონდა. აქედან გამომდინარე, ქალი და კაცი ჟურნალისტიკაში გამიჯნული არ ყოფილა და არც ახლა არ არის. რაც შეეხება სირთულეებს, ყველამ ვიცით, რომ ჟურნალისტიკა რთული პროფესიაა. ქალ ჟურნალისტს ხშირად უხდება არჩევანის გაკეთება, ოჯახსა და პროფესიას შორის და აქ ძალიან მნიშვნელოვნია ოჯახის როლი.

საქართველოში ჟურნალისტიკა თითქმის ორი საუკუნეა ვითარდება და ამ დროის განმავლობაში მუშაობის სტილი არაერთხელ შეიცვალა და დაიხვეწა. წლების გასვლასთან ერთად, თანდათან პოპულარული და მოთხოვნადი პროფესია ხდებოდა და უმეტეს წილად მისით ქალები ინტერესდებოდნენ.


სპეციალისტები ამბობენ, რომ საქართველოში ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ცალკეული შემთხვევები სხვადასხვა დროსაც ხდებოდა, თუმცა მედიის წინააღმდეგ მასშტაბური და მიზანმიმართული აგრესია ბოლო დროის მოვლენების გარდა, არასოდეს ყოფილა.


ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარე, ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ იმ ფონზე, როცა საზოგადოებაში აგრესიამ იმატა, ახალგაზრდებს მაინც სურთ ამ პროფესიაში ყოფნა და მოთხოვნაც გაზრდილია.

ნათია კუპრაშვილი

ადრინდელთან შედარებით, ოჯახებშიც შეცვლილია დამოკიდებულება ამ პროფესიის მიმართ. რაც შეეხება ძალადობის ფაქტებს, დღევანდელ დღემდე იყო მიდგომა, რომ როცა ქალი ჟურნალისტი აშუქებდა ამა თუ იმ თემას, მოწინააღმდეგე მხარე ყოველთვის თავს იკავებდა აგრესიის გამოვლენისგან და მედია მენეჯერებიც ხშირად, გამოსვლებისა და დაძაბული სიტუაციების გასაშუქებლად უშვებდნენ ქალ ჟურნალისტებს, იმ იმედით რომ მათზე არ განხორციელდებოდა ძალადობა. თუმცა ბოლო დროინდელმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ ამ მხრივ მიდგომა შეცვლილია უარესობისკენ.

მასალა მომზადებულია პროექტის “ადგილობრივი მედია ქალების გაძლიერებისთვის” ფარგლებში.

პროექტს რადიო “მოზაიკა” “ქალთა ფონდის” მხარდაჭერით ახორციელებს.
დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.