სტატიები

ხაშურის მერის წარმომადგენლებმა არ იციან, როდის წარადგინა მათ სოფლებში მერმა ანგარიში

ხაშურის მერიაში ამბობენ, რომ თენგიზ ჩიტიაშვილმა მუშაობის ერთ-წლიანი ანგარიშის წარდგენები სოფლებში მოაწყო. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი “მოზაიკას” ეუბნება, რომ საზოგადოებისთვის ანგარიშის გაცნობა სოფლებში მერის წარმომადგენლების ჩართულობით მიმდინარეობდა, თუმცა ჩვენთან საუბარში თავად მერის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არ იციან, როდის სტუმრობდა თენგიზ ჩიტიაშვილი მათ სოფლებს ერთ-წლიანი ანგარიშის წარსადგენად, რასაც მუნიციპალიტეტის მერს თვითმმართველობის კოდექსი ავალდებულებს.


ხაშურის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა ერთწლიანი მუშაობის შემაჯამებელი ანგარიში სოფლებში წარადგინა, – ამის შესახებ “მოზაიკას” მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო სუხიაშვილმა უთხრა.

სუხიაშვილის თქმით, მერიამ ინფორმაცია მერის წარმომადგენლების მეშვეობით გაავრცელა, თუმცა ამის შესახებ მედიის წარმომადგენლეები არ გააფრთხილეს.

“წელს მერმა ანგარიში წარადგინა სოფლებში ქალაქში გამართული შეხვედრებისას. თვითონ ანგარიში გამოქვეყნებულია მერიის ვებ გვერდზე. ინფორმაცია მერის წარმომადგენლების მიერ გავრცელდა. მედიისთვის ცალკე მოწვევა ნამდვილად არ გაგვიკეთებია. არც ახლა და არც სხვა დროს. მხოლოდ ანგარიშია გამოქვეყნებული”, – ამბობს სუხიაშვილი.

მოსახლეობასთან ანგარიშის წარდგენის ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალა უწყებამ არც ოფიციალურ საიტზე და არც მერიის ფეისბუქ გვერდზე არ გამოაქვეყნა. ფოტო-მასალები, სადაც თენგიზ ჩიტიაშვილის მოსახლეობასთან შეხვედრები ჩანს, მხოლოდ “ქართული ოცნების” დელეგატის ზაალ დუგლაძის ფეისბუქ გვერდზე იძებნება და ყველა ამ პოსტში წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზეა საუბარი.

“წინასაარჩევნო შეხვედრები არ იგულისხმება, ანგარიში ცალკე შეხვედრებზე წარადგინა. ფოტომასალას ვებ – გვერდზე ნაკლებად ვდებთ. ფოტოს ატვირთვა ჩვენთვის აბსოლუტურად არ არის პრობლემა. გვერდის მოცულობა არ არის დიდი და ამიტომ ნაკლებად ვდებთ ფოტომასალას” , – უთხრეს “მოზაიაკას” ხაშურის მერიაში.

განსვავებულ ინფორმაციას გვაწვდიან მერის წარმომადგენლები. მაგალითად გენად გელაშვილი ამბობს, რომ თენგიზ ჩიტიაშვილი მის სოფელში წინასაარჩევნოდ იმყოფებოდა და მერის სხვა ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

“ზაალთან ერთად ჩააბარა ანგარიში და ყველაფერი კარგად იყო მოსახლეობაც კმაყოფილია. ცალკე მერი მოსული აღარ ყოფილა”, – გვითხრა გენად გელაშვილმა, რომელიც მერის წარმომადგენელია გომის ადმინისტრაციულ ერთეულში.

ანგარიშის წარდგენის შესახებ გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ არც მერის სხვა წარმომადგენლები.

“მე ამის შესახებ არაფერი ვიცი, ჩვენთან არ ყოფილა”, – აღნიშნა დაბა სურამის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა დავით დევაძემ.

“არ ყოფილა, არ ვიცი”, – გვითხრა მერის წარმომადგენელმა სოფელ წრომში, გურამ ბერაძემ.

კითხვას თავი აარიდა მერის რამდენიმე წარმომადგენელმა, ზოგმა მაღალი ტემპერატურა და ზოგმაც საჭესთან ჯდომა მოიმიზეზა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის საიტზე გამოქვეყნებული ერთ-წლიანი ანგარიშის ტექსტური ვარიანტი 24 ოქტომბრით თარიღდება. ამ დღეს კი მერიის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულია ერთადერთი პოსტი, საიდანაც ვიგებთ, რომ ხაშურის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი “ქართული ოცნების” დელეგატთან ერთად ხაშურის სპრტულ კომპლესს სტუმრობდნენ.

შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტის მერებს მუშაობის ერთ-წლიანი ანგარიშის წარდგენას კანონი ავალდებულებთ. აღსანიშნავია ისიც, რომ წინა წლებში ხაშურის მერი ანგარიშის წარდგენებს ხაშურში, ნოემერ-დეკემბერში აწყობდა.

დატოვეთ კომენტარი