გორის მერია ავარიული ხიდის შეკეთებას არც ჩქარობს და საჭირო ზომებს არც მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის იღებს. კერძოდ, უწყება ერთ წელზე მეტია უგულებელყოფს შსს-ს და საკრებულოს იმ გადაწყვეტილებებს, რომლის მიხედვითაც, გორში, კომბინატის დასახლებაში მდებარე ხიდზე სატვირთო ავტომობილების გადაადგილება უნდა შეზღუდულიყო.
2023 წლის 14 ივლისის განკარგულებაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული ხიდი დაზიანებულია და მერიამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან ერთად აღნიშნულ ხიდზე სატვირთო ავტომობილების გადაადგილება სახიფათოდ მიიჩნია, გორის საკრებულომ საკითხი დააკმაყოფილა.
“ქალაქ გორში, მდინარე ლიახვზე არსებული საავტომობილო ხიდი, შესაბამისი დარგის სპეციალისტების აზრით არის დაზიანებული. აღნიშნული საკითხი შეისწავლა გორის მუნიციპალიტეტის მერიამ საქართვეელოს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარ სამმართველოსთან ერთად და მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ აღნიშნულ ხიდზე დროებით აიკრძალოს სატვირთო ავტომობილების მოძრაობა, განისაზღვროს სატვირთო ავტომობილების მიმართულება და განთავსდეს შესაბამისი საგზაო ნიშანი, “სატვირთო მოძრაობა აკრძალულია”, – ვკითხულობთ საკრებულოს მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში.
ამკრძალავი საგზაო ნიშანი მერიას არ დაუდგამს და არც ხიდის რეაბილიტაციაზე უზრუნია. ადგილობრივები კი გვიდასტურებენ, რომ აქ სატვირთო ავტომობილების გადაადგილდება არასოდეს შეზღუდულა და შესაბამისი საგზაო ნიშანიც არასდროს უნახავთ.
“ამ ხიდზე შეზღუდვა არასდროს ყოფილა, დღემდე ჩვეულებრივად დადიან სატვირთო ავტომობილები. არც ნიშანი მინახავს. თუ შესაბამისი საგზაო ნიშანი არ დაიდგა, როგორ გაიგონ მძღოლებმა, რომ გადასვლა აკრძალულია?”, – გვითხრა ერთ-ერთმა ტაქსის მმძღოლმა.
გორის საკრებულოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან კახა ლობჟანიძე “მოზაიკასთან” საუბარში აღნიშნავს, რომ მერია რიგ საკითხებს გულგრილად უყურებს და არ ასრულებს განკარგულებებს.
“რიგ განკარგულებებს არარად მიიჩნევს მერია და არ ასრულებს საკრებულოს გადაწყვეტილებებს ჯეროვნად. საქმე გვაქვს სამსახურეობრივ გულგრილობასთან და უგულებელყოფასთან. მე საკითხს მოვიკვლევ და უახლოეს საკრებულოზე დავაყენებ”, – ამბობს ლობჟანიძე.
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის ლექსო მერებაშვილის თქმით, პასუხისმგებლობა ეკისრება მერიას და იმ პირებს, ვისაც აღნიშნული პრობლემის მოგვარება ევალებათ.
“მართალია ჯერჯერობით ზიანი არ წარმოშობილა, ანუ ხიდი არ ჩავარდნილა და არავინ დაზიანებულა, თუმცა ყველა ვარიანტში საგზაო ნიშანი უნდა იდგეს და ამ ხნის განმავლობაში ამ ხიდის შეკეთებაზე ტენდერიც უნდა ჰქონდეს მერიას გამოცხადებული. ამას რომ რაღაც ზიანი მოჰყვეს, მთელი პასუხისმგებლობა იქნება მერიაზე. დისციპლინური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ იმ პირებს, ვისაც ამის გაკეთება ევალებათ”, – ამბობს იურისტი.
ამ საკითხზე მერიისგან პასუხის მიღებას “მოზაიკა” ორი დღის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური კითხვებს არ პასუხობს.