“გარდაცვალების მიზეზის დასადგენად ამ დრომდე ექსპერტიზის პასუხს ველოდებით” – ატენში ჩხუბის დროს გარდაცვლილი მამაკაცის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი და მისი დაცვის ქვეშ მყოფი მამაკაცი ამ დრომდე ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან.
ნინო შავშიშვილის თქმით, აღნიშნულ საქმეზე ახალი დეტალები არ გამოვლენილა. მსჯავრდებულს კი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
“ამ საქმეზე არაფერი არ გვაქვს ახლი. გვაქვს მოცემულობა, რომ ადამიანი გარდაიცვალა, მოწმეები გამოიკითხნენ, რომლებიც ამბობენ, რომ შელაპარაკება მოხდა, ისიც იქნევდა ხელს, ესეც იქნევდა ხელს, მაგრამ როგორც ასეთი, რაღაცა სერიოზული დაზიანება ერთმანეთისთვის არ მიყენებიათ. იქ ძალიან ბევრი ხალხი იყო და ფიზიკურად ერთმანეთთან არ უშვებდნენ, ანუ შემხებლობაც კი ძალიან მცირე იყო. სიტყვიერ კონფლიქტს და ერთი ხელის გაქნევას აფიქსირებენ“, – გვითხრა შავშიშვილმა.
ადვოკატის განმარტებით, ახლა საჭიროა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც გარდაცვალების მიზეზს დაადგენს.
“ეს ადამიანი წაიქცა და გარდაიცვალა. რითი გარდაიცვალა, არ ვიცით, ექსპერტიზის დასკვნა არ გვაქვს. ახლა ჩვენ ველოდებით დასკვნას და ამ პასუხის შემდეგ ვიმოქმედებთ. მართალია, ჩემი აზრი ახლა არაფერს არ წყვეტს, მაგრამ რომც მოხვედროდა, ის გაქნეული ხელი, ამით გარდაცვალება არ დგება, არ მსმენია, არც პრაქტიკაში მქონია, ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი“,- ამბობს ადვოკატი.
ინფორმაციისთვის, დაახლოებით 3 კვირის წინ ატენში მეზობლებს შორის ჩხუბი 50 წლის მამაკაცის გარდაცვალებით დასრულდა. საქმეში მკვლელობის იარაღი არ ფიგურირებს და განიხილებოდა ვერსია, რომ მამაკაცი გულის შეტევით დაიღუპა. გარდაცვალების მიზეზის დასადგეენად ჩაინიშნა ექსპერტიზა.