სტატიები

ერთ დღეში დადებული 8 ხელშეკრულება – ვის მისცა ხაშურის მერიამ უტენდეროდ ნახევარი მილიონი 

ერთ დღეში დადებული 8 ხელშეკრულება კომპანიასთან, რომელსაც ხაშურის მერი ვერ იხსენებს. როგორ მიიღო 4 თვის წინ დარეგისტრირებულმა კომპანიამ ნახევარი მილიონი ხაშურის ბიუჯეტიდან, ამაზე პასუხი არც მერის წარმომადგენლებს აქვთ. “მოზაიკას” მიერ შეგროვებული მასალებით კი დგინდება, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოცდილების არმქონე კომპანიას ხელშეკრულებები უტენდეროდ გაუფორმა. 


ხაშურის მერიამ სოფლებში გზების დაგება იმ კომპანიას ანდო, რომელსაც მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება არსად უფიქსირდება. მეტიც, კომპანიას 700 000-მდე ლარი ხაშურის მერიამ არსებობის 4-თვის თავზე, უტენდეროდ მისცა. საუბარია შპს “იახტაზე”, რომელსაც მერიამ 13 ხელშეკრულება გაუფორმა – აქედან 8 ხელშეკრულება ერთ დღეში დაიდო. 

ხელშეკრულების დადების თარიღიშესასრულებელი სამუშაოგადახდილი თანხა
28 ოქტომბერიდიდ ყელეთში და იმერლიანთკარშ გზების მოწესრიგება49 691 ლარი
28 ოქტომბერიცედანში და წაბლოვანაში გზების მოწესრიგება28 586 ლარი
26 აგვისტო ღარათში ბეტონის გზის მოწყობა29 940 ლარი
26 აგვისტო ქაშვეთში ბეტონის გზის მოწყობა29 940 ლარი
26 აგვისტო ჯვართმუხაში და პატარა ყელეთში ბეტონის საფარის მოწყობა38 507 ლარი
21 ივნისი ღუდაში მისასვლელი გზის მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობა, ნარუჯებში სასოფლო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა, ტიტვინის წყაროში სოფელთან მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა49 194 ლარი
21 ივნისი წაღვლში შიდა გზებზე ბეტონის მოწყობა და სოფელ წეღვერთან მისასვლელ გზაზე ბეტონისა საფარის მოწყობა57 516 ლარი
21 ივნისი ოძისში და ცივწყაროში ბეტონის საფარის მოწყობა59 881 ლარი
21 ივნისი დიდ და პატარა ხალებში  ბეტონის გზის მოწყობის გაგრძელება59 881 ლარი
21 ივნისი თაგვეთსა და დამჩხეულაში ბეტონის გზის მოწყობა59 881 ლარი
21 ივნისი სავანისუბანში ბეტონის გზის მოწყობა  და ბულბულისციხეში სასაფლაომდე მისასვლელი გზის დაბეტონება, სანიაღვრეს მოწყობა59 881 ლარი
21 ივნისი აძვისში და უწოლევში ბეტონის გზის მოწყობა59 881 ლარი
21 ივნისი ახალუბანში, დუმაცხოვში და კლდისწყაროში ბეტონის გზის მოწყობა57 977 ლარი

მერიის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, სწორედ ეს კომპანია აწესრიგებს გზებს ღარათში, ქაშვეთში,  ჯვართმუხაში, პატარა ყელეთში, ღუდაში, წაღვლში, ოძისში, ცივწყაროში, ხალებში, თაგვეთში, დამჩხეულაში, სავანისუბანში, ბულბულისციხეში, უწოლევში, ახალუბანში, დუმაცხოვსა და კლდისწყაროში.

საკუთარ სოფელში მიმდინარე სამუშაოების შესახებ ზუსტი ინფორმაცია მერის წარმომადგენლებს არ აქვთ. მაგალითად, მერის წარმომადგენელმა სოფელ ცოცხნარში არ იცის, რომ მის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გზები სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში წესრიგდება. 

“სოფლის პროგრამის ფარგლებში არ კეთდება, მუნიციპალიტეტი აკეთებს ასფალტის გზას. პირველი ეტაპი დასრულებულია, მეორე იწყება. თანხა ნამდვილად არ მახსოვს, არც კომპანიის სახელი მახსოვს“, – გვითხრა ლაბამძემ. 

კომპანიის შესახებ ინფორმაციას არც მერის სხვა წარმომადგენლები ფლობენ. 

მოხრეშვა ხდება გზის, ნამდვილად არ ვიცი, რა თანხა ჯდება, არც კომპანიაზე მაქვს ინფორმაცია. მგონი “ელისი” ატარებს“,- გვითხრა გურამ ბერაძემ, მერის წარმომადგენელმა წრომის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც გზას რეალურად შპს “იახტა” აგებს.  

კომპანია, რომელიც მერის წარმომადგენლებისთვის უცნობია, ოფიციალურად 2024 წლის თებერვალში დარეგისტრირდა. დაარსებიდან დღემდე მასთან მხოლოდ ხაშურის მერია თანამშრომლობს. 

არ მახსოვს, რომელი კომპანიაა ეგ. მე რატომ უნდა ვიცოდე?“, – ასე პასუხობს ხაშურის მერი “მოზაიკას” კითხვას, თუ ვინ და რა პრინციპით გადაწყვიტა აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობა. 

მიუხედავად იმისა, რომ შპს “იახტასთან” დადებულ ხელშეკრულებებს ხელს ხაშურის მერი აწერს, თენგიზ ჩიტიაშვილი კომპანიის ისტორიის და შერჩევის კრიტერიუმების ცოდნის ვალდებულებას ინსფრასტრუქტურის სამსახურს აკისრებს. 

ეგ შეიძლება იცოდეს ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა“, – გვითხრა ჩიტიაშვილმა. 

ინფრასტრუქტურის სამსახური კი ამბობს, რომ კომპანია, რომელსაც მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება არ აქვს, წარსულში შესრულებული სამუშაოების მიხედვით შეარჩიეს. 

რა თქმა უნდა, შევისწავლეთ ეს კომპანია და სამუშაოები ისე მივეცით. სადაც იმუშავეს, საქმე ძალიან კარგად შეასრულეს, იდეალურად.  შეგიძლიათ, გადაამოწმოთ ადგილზე“, – გვითხრა ხაშურის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გიორგი პაპიაშვილმა.

კომპანია, რომელსაც მერიამ ნახევარი მილიონის სამუშაოების გამოცდილების მოთხოვნის გარეშე ანდო, სოფელ ნიქოზშია რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი მერაბ შათირიშვილია, რომელიც კომპანიის 60%-იან წილს ფლობს, ხოლო 40% მის კომპანიონს, ზელმიხან თითირაშვილს ეკუთვნის. დამატებითი ინფორმაციები ოფიციალური მფლობელების და მათი კომპანიის შესახებ არ იძებნება. 

“მოზაიკას” კი ეუბნებიან, რომ რეალურად კომპანიას სხვა მფლობელები ჰყავს და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაც მისი რეალური მესაკუთრის ინტერესებიდან გამომდინარე შედგა. კომპანიის სავარაუდო მფლობელად ხაშურში “ქართული ოცნების” დელეგატის ზაალ დუგლაძის ოჯახს ასახელებენ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.