სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ („სამართლიანი არჩევნები“) 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის გენდერული მახასიათებლების შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ საარჩევნო ოლქების ნაწილში რეგისტრირებული კაცი და ქალი ამომრჩევლებიდან არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა წილებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ ცესკოდან გამოითხოვა ინფორმაცია 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების გენდერული შემადგენლობის შესახებ, ქვეყნის ტერიტორიაზე შექმნილი ყველა საარჩევნო უბნის მიხედვით.
“მოწოდებული მონაცემების პირველადმა ანალიზმა გამოკვეთა, რომ საარჩევნო უბნების მნიშვნელოვან ნაწილში ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა აცდენილია ნორმალურ განაწილებას და შეიცავს პრაქტიკულად გამორიცხულ ან არაბუნებრივ მახასიათებლებს”, – ნათქვამია სადამკვირვებლო ორგანიზაციის ანგარიშში.
ორგანიზაცია კონკრეტული უბნების მაგალითზე ამბობს, რომ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის გენდერული ბალანსი დარღვეულია.
“მაგალითად, 62 საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებული სიიდან კაცი ამომრჩევლების აქტივობა 80-დან 100 პროცენტამდეა, ქალი ამომრჩევლების საშუალო აქტივობა 57%-მდეა. გარდა ამისა, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე კაცი ამომრჩევლების აქტივობა თეორიულად გამორიცხულ მაჩვენებელსაც უტოლდება. კერძოდ, მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, მოცემულ საარჩევნო უბნებზე კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონე 100%-ზე მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოცხადებული კაცი ამომრჩევლების რაოდენობა საარჩევნო უბნის ერთიან და სპეციალურ სიებში რეგისტრირებული კაცი ამომრჩევლების ჯამურ რაოდენობასაც აღემატება”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ შესწავლილ უბნებში შიდა ქართლში შემავალი საარჩევნო ოლქების მონაცემებიც მოხვდა. ერთ-ერთია მაგალითად, გორის ოლქის 71-ე უბანი, სადაც 2186 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული – 1132 კაცი, ხოლო 1057 ქალი. ცესკო-ს მონაცემებით 20:00 საათისთვის საარჩევნო უბანზე მისული იყო 1377 ამომრჩეველი – 597 ქალი და 780 კაცი, შემაჯამებელ ოქმში კი მისული ამომრჩევლების რიცხვმა 1413 შეადგინა.
სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ აღნიშნული ანგარიშს ცესკოში უპასუხეს და განაცხადეს, რომ ამგვარი უზუსტობები არჩევნების საერთო შედეგზე გავლენას არ ახდენს.
“მიუხედავად იმისა, რომ ახლა და ყველა არჩევნებზე ასეთი მონაცემები შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ უზუსტობებს, მათი დამუშავების მეთოდოლოგიისა და პრაქტიკის გათვალისწინებით, იგი არც ერთ შემთხვევაში კავშირში არაა კენჭისყრის შედეგებთან და ვერც რაიმე გავლენას მოახდენს მასზე, რაც კარგად არის ცნობილი ნებისმიერი ჩართული მხარისთვის”, – განაცხადეს ცესკოში.