ქარელის მერმა მიწა, რომლის შეძენის ხარჯად ქონებრივ დეკლარაციაში 5 000 ლარი მიუთითა, რეალურად უსასყიდლოდ დაირეგისტრირა. საუბარია ბრეთის მეურნეობაში მდებარე 4 996 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთზე.
აღნიშნული მიწის ნაკვეთი, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ზაზა გულიაშვილმა 2019 წელს, საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტის საფუძველზე გაიფორმა. ამ პროცესში მისი ოფიციალური წარმომადგენელი კი მისი ახლობელი და მერიის თანამშრომელი გიორგი ტიტვინიძე იყო.
“მოვითხოვ, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოახდინოთ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, მდებარე: ქარელი, სოფელი ბრეთის მეურნეობა 4996 კვ.მ. [ზონა:ქარელი, სექტორი: ბრეთი] და განცხადების წარმომდგენზე გასცეთ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან“, – წერდა ტიტვინიძე 2019 წლის 18 თებერვალს საჯარო რეესტრს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ბრეთში მდებარე 4 996 კვ.მ. ფართის ზაზა გულიაშვილის საკუთრებად დარეგისტრირებას ითხოვდა.
აღიარების კომისიის მიერ წარდგენილი დოკუმენტის საფუძველზე, რომელსაც ხელს ზაზას მოადგილე ნუგზარ დაბრუნდაშვილი აწერს, აღნიშნული მიწის ნაკვეთი ზაზა გულიაშვილის საკუთრება გახდა, თუმცა ქარელის მერმა ახალი ქონება საკუთარ დეკლარაციაში შენაძენად ასახა და ხარჯად დღემდე 5 000 ლარს უთითებს.
“ტიტვინიძე თავიდან სპეციალისტი იყო, მაგრამ ზაზას პირადი გადაწყვეტილებით მალევე გახდა სოციალური სამსახურის უფროსი“, – უთხრა “მოზაიკას” მერიის ყოფილმა თანამშრომელმა.
ტიტვინიძე მერიის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს 2018 წლიდან ხელმძღვანელობს.
“ხაშურში ცხოვრობს და სამსახურშიც ხაშურიდან დადის, რისთვისაც ადმინისტრაციულ რესურს იყენებს, საწვავს და სამსახურის ავტომანქანას. ავტომანქანას შაბათ-კვირაც კი არ ტოვებს სამსახურში“, – უთხრეს “მოზაიკას”.
ტიტვინიძის სარგებლობაშია მერიის ავტომობილი “MITSUBISHI 200 PICK UP” და გადადგილებისთვის ხელისუფლება თვიურად 400 ლიტრი დიზელის ხარჯს უნაზღაურებს.
წყაროს ცნობით, ტიტვინიძის სამსახურეობრივ სტაბილურობას სწორედ გულიაშვილთან მჭიდრო კავშირები უზრუნველყოფს.
“გულიაშვილმა სწორედ მისი სახელის გამოყენებით შეიძინა და ააშენა თონე ცაბაძის ქუჩაზე, რომელიც ტროტუარზეა აშენებული”.
საუბარია ცაბაძის ქუჩაზე მდებარე 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რომელიც მერიამ გიორგი ტიტვინიძეს მიყიდა და რომელმაც ტერიტორიაზე კომერციული ფართის აშენების შემდეგ, ქონება ახალ მფლობელს, “ქართულ ოცნების” წევრს, მორის აკოფიანს გადასცა.
“სამსახურეობრივი მოვალეობების გარდა, ტიტვინიძე კურირებს იმ საქმეებსაც, რაც ქარელის მერის პირად ინტერესებშია. ტიტვინიძე გულიაშვილის ნდობით აღჭურვილი პირია და ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ორივეს ანზორ ჩუბინიძე მფარველობს”, – უთხრეს “მოზაიკას”.
ზაზა გულიაშვილის გარემოცვის და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის კავშირებზე ოპოზიციაც საუბრობს. ტიტვინიძის კავშირებს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურია უფროსთან მისივე ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტებიც ადასტურებს.