ახალი ამბები

გორის სასამართლომ საჩივარი 14 უბნის შედეგების გაბათილების შესახებ არ დააკმაყოფილა 

მოსამართლე ნინო გოგატიშვილმა სადამკვირვებლო მისიის “ჩემი ხმა”საჩივარი არ დააკმაყოფილა. მოთხოვნა იყო გორის 14 უბნის შედეგების გაბათილება.

სადამკვირვებლო მისია გორის 32-ე საარჩევნო ოლქში, 14 საარჩევნო უბნის ბათილად ცნობას მოითხოვდა, რადგან მოსარჩელეების განცხადებით ამ უბნებზე ამომრჩეველთა კონსტუტუციური უფლება ხმის ფარულობის შესახებ დაირღვა. მოსარჩელეებმა პროცესის დასაწყისშივე ორი შუამდგომლობა დააყენეს.

პირველი ნებისმიერი უბნიდან საარჩევნო ბიულეტენების წარმოდგენას და ხმის მიცემის ექსპერიმენტის ჩატარებას ეხებოდა, რათა ადგილზევე გარკვეულიყო იყო თუ არა დაცული ხმის ფარულობის საკითხი. ხოლო, მეორე შუამდგომლობად, მათ იმ დამკვირვებლების მოწმეებად დაკითხვა მოითხოვეს, რომლებიც უშუალოდ საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდნენ და თავად აფიქსირებდნენ იმ დარღვევებს, რაც უბნებზე ხდებოდა. მოსამართლემ  შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა.

“მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ჩვენი არცერთი შუამდგომლობა – მათ შორის ვითხოვდით მოწმის სახით დამკვირვებლების გამოკითხვას, ასევე ერთ-ერთი უბნის ბიულეტენების დათვალიერებას და იმგვარი ექსპერიმენტის ჩატარებას, რაც თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში ჩატარდა, თუმცა ამაზეც უარი განაცხადა მოსამართლემ,” – ამბობს თამთა კახიძე, სადამკვირვებლო მისიის “ჩემი ხმა” წარმომადგენელი.

 „ჩემი ხმის“ წარმომადგენლები აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

დატოვეთ კომენტარი