ავტორი: გიორგი დვალიშვილი
როგორ გაყალბდა არჩევნები? – ამ მოცემულობით იმის საჯაროდ თქმა, რომ არჩევნები გაყალბდა, შესაძლოა იმის საფუძველი აღმოჩნდეს, რომ პროკურატურამ დაგიბაროს გამოკითხვაზე – ისტორიაში პირველად მოქმედი პრეზიდენტი არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და ამის გამო, პროკურატურა სალომე ზურაბიშვილს გამოკითხვაზე იბარებს.
და შენ, რომელმაც საკუთარი თვალით ნახე, რა ხდებოდა არჩევნების დღეს უბნებთან და უბნებზე, ცდილობენ დაგარწმუნონ, რომ მოგეჩვენა, არასწორად აღიქვი და თუ მაინც გააგრძელებ მტკიცებას, სისტემა გეუბნება, რომ იცი რაა, მე პრეზიდენტის ინსტიტუტს არ ვცემ პატივს და ვიბარებ გამოკითხვაზე და შენ რისი იმედი უნდა გქონდეს?
პირველი შეტყობინება, რომელიც არჩევნების დღეს მივიღე ეხებოდა ხმის მიცემის ფარულობის მასობრივად დარღვევას. ბრეთის მეურნეობაში ამომრჩეველს იმ ოთახამდე, სადაც საარჩევნო უბანი იყო მოწყობილი, უწევდა დერეფნის გავლა, რომელიც სავსე იყო “ქართული ოცნების” აგიტატორებით.
ამომრჩევლის როლში წარმოვიდგინე თავი – რამხელა ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ვიქნებოდი, როცა მეცოდინებოდა, რომ უბნის ე.წ ძველბიჭობა დამხვდებოდა საარჩევნო უბანზე და მათ წინ მომიწევდა გავლა – ზოგიერთი მეგობრულად გამიყვანდა გვერდით, თუ მეგობრული ტონი არ გაჭრიდა მერე ე.წ. ქუჩური წესებით გამირჩევდნენ საქმეს და ასეთი ზეწოლის შემდეგ მომიწევდა საარჩევნო უბანზე მისვლა.
შემდეგ იყო ხმის მიცემა – აღმოჩნდა, რომ ჩემი ხმა სულაც არ ყოფილა ფარული, რადგან ჩარჩო კონვერტის ამობრუნების შემდეგ, კომისიის წევრი და “ქართული ოცნების” დამკვირვებლები მარტივად მიხვდებოდნენ, რომ ოპოზიციას მივეცი ხმა, არადა სახლში ვიღაცას შვილები ელოდებიან და ეშინიათ ამ ქუჩის ბიჭებმა რამე არ აუტეხონ; ვიღაცას საოჯახო ბიზნესი აქვს და ზუსტად იცის, რომ საქმე ძალიან ცუდად წაუვა თუ “ქართულ ოცნებას” არ მისცემს ხმას და ოჯახი შემოსავლის ერთადერთ წყაროს დაკარგავს; ვიღაცა თავად არის დასაქმებული სახელმწიფო უწყებაში და მასაც შემოსავლის დაკარგვის ეშინია.
როცა იგებ, რომ შენზე წინ მისული ამომრჩევლის ხმის მიცემის ფარულობა ვერ დაიცვა სისტემამ, შიში მძაფრდება. ყველას ვერ მოსთხოვ გმირობას, ყველას არ აქვს საშუალება და შანსი ქვეყნიდან წასვლის, ამიტომ იძულებულია ხმა ისევ “ქართულ ოცნებას” მისცეს.
ხმის მიცემის ფარულობა რომ დაცული ყოფილიყო, ვფიქრობ, მკვეთრად განსხვავებულ შედეგს მივიღებდით, თუმცა ეს ასე არ მოხდა.
როცა გაყალბებაზე ვსაუბრობთ, ყურადსაღები რა თქმა უნდა არის ყველა სხვა პროცედურული თუ ტექნიკური ხასიათის დარღვევა. როგორ გაყალბდა არჩევნები – ამას უნდა უპასუხოს სანდო საგამოძიებო სტრუქტურამ, თუმცა ერთ-ერთი თვალსაჩინო ინდიკატორი, რაც არჩევნების გაყალბებაზე მიუთითებს, არის სწორედ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, რადგან გაყალბებაში არ იგულისხმება მხოლოდ ბიულეტინების ჩაყრა ურნაში, რაც ასევე ვიხილეთ, ასევე არ იგულისხმება მხოლოდ საეჭვო სიები და ა.შ
არჩევნების გაყალბებაა ისიც, როცა სისტემა ვერ უზრუნველყოფს ხმის მიცემის ფარულობის დაცვას, რაც ამომრჩევლის ნაწილს აიძულებს შიშის და გადარჩენის მოტივით გააკეთოს არჩევანი და არა რეალური სურვილით.