გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით პაპუაშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრები, რომლის ავტორებიც არიან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და კოალიცია “ძლიერი საქართველო”, არ დააკმაყოფილა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ითხოვდა გორსა და კასპში ყველა იმ უბნის შედეგების გაბათილებას, სადაც არჩევნები ელექტრონულად ჩატარდა.
საიამ კონკრეტული მტკიცებულებები წარმოუდგინა სასამართლოს, სადაც ჩანს, რომ ბიულეტინის უკანა მხარეს აშკარად შესამჩნევია მელნის კვალი, რომლის მიხედვითაც, დაინტერესებული პირი მარტივად მიხვდება ხმა ოპოზიციას მისცა მოქალაქემ თუ ქართულ ოცნებას.
„ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდება და ვიმედოვნებ სააპელაციო სასამართლო უფრო კანონიერად და სამართლიანად იმსჯელებს”, – განაცხადა საიას იურისტმა ქეთი ბებიაშვილმა.
მტკიცებულებების მიუხედავად, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა საიას სარჩელი არ დააკმაყოფილა. იგივე მოხდა კოალიცია “ძლიერი საქართველოს” საჩივრის შემთხვევაშიც. აღნიშნული პოლიტიკური ძალა ითხოვდა კასპის უბნებზე ვერიფიკაციის აპარატებიდან მონაცემების ამოღებას და ტრადიციული მეთოდით ჩატარებული უბნებიდან სამაგიდო სიების გახსნას
„ეს იყო ერთადერთი გზა, რომ ხელმოწერების ნამდვილობა ყოფილიყო შემოწმებული. რუსულ ხელისუფლებას ეშინია მტკიცებულებების გასაჯაროების, ვინაიდან არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ არჩევნებში მონაწილეობა ვითომ მიიღეს უცხოეთში მყოფმა ჩვენმა მოქალაქეებმა და მათ მაგივრად მისცეს სხვებმა ხმები, ასევე არის ეჭვი, რომ საერთოდ მიცვალებულები ჰყავდათ სიაში. ეს თუ ასე არ არის, რატომ ეწინააღმდეგებიან ჩვენს მოთხოვნას?”, – აცხადებს კოალიციის “ძლიერი საქართველოსთვის” წევრი ლევან სამუშია.
მოსამართლე ლევან დარბაიძემ არც აღნიშნული სარჩელი არ დააკმაყოფილა. კოალიცია “ძლიერი საქართველო” ამ გადაწყვეტილებას სასამართლოს შემდეგ ინსტანციაში გაასაჩივრებს.