არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნებთან ახლოს მდებარე შენობებში სპეციალურად იყო მოწყობილი ქოლცენტრები, რომლებიც არჩევნების გაყალბების სქემაში იყვნენ ჩართულნი, – ამის შესახებ ინფორმაცია “ტვ პირველმა” გაავრცელა.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მსგავსი ქოლცენტრები იყო მოწყობილი გორის საარჩევნო უბნებთანაც, რის შესახებაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ანო ბალიაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ბალიაშვილმა პოსტს დაურთო ასევე ვიდეოჩანაწერი და მისთვის მიწერილი შეტყობინების “სქრინი”.
“ვიდეო, რომელში დავდე, ნაჩვენებია ფართი, რომელიც არის ვერხვების დასახლებაში, მე-13 საარჩევნო უბნის წინ, მის მოპირდაპირედ იყო ეს ქოლცენტრი. რაც შეეხება “სქრინს”, ის ერთ-ერთმა საარჩევნო უბნის კომისიის წევრმა მომწერა და იდენტიფიცირებას არ ვახდენთ. რაც შეეხება მე-14 საარჩევნო უბანს, ეჭვი გვაქვს, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში, ერთ-ერთ ოთახში იყვნენ განთავსებულები. სადაც მივდიოდით, ყველგან შეინიშნებოდა მსგავსი რაღაცები, უბრალოდ ჩვენ წარმოდგენა არ გვქონდა, ახლა გავიგეთ, რომ თურმე ქოლცენტრები იყო”, – ამბობს ანო ბალიაშვილი.