ახალი ამბები

“გაბათილდეს შედეგები, სადაც ხმა ელექტრონულად მისცეს” – “საიას” საჩივარი გორის საოლქოში 

“კენჭისყრის დღეს მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის უფლება. საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, არჩევნების ჩატარების ძირითადი პრინციპებია კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა”, – ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დაწერილ საჩივარში, რომლითაც ორგანიზაციამ გორის 32-ე საარჩევნო ოლქს მიმართა. 

საჩივარში ნათქვამია, რომ არჩევნების დღეს დაირღვა ყველა ის ფუნდამენტური პრინციპი, რაც სამართლიანი არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს. მათ შორის, ხმის ფარულობა. 

” “ქართული ოცნების” მიერ საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული იყო ვიდეოკამერები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში უყურებდა რეგისტრატორის მაგიდებს და ვერიფიკაციის აპარატებს, ზოგ შემთხვევაში კი – ხმის მიცემის კაბინებს და ძირითად საარჩევნო ყუთს. ბიულეტინის ხარისხი ვერ უზრუნველყოფდა იმას, რომ მის უკანა მხარეს არ დაეტოვებინა გაფერადებული წრის კვალი. ამ ორი მოცემულობის თანხვედრა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მაღალ რისკებს ადასტურებს და არღვევს ხმის ფარულობასა და ნების თავისუფალ გამოვლენას”, – ნათქვამია საჩივარში. 

საია გორის საოლქო საარჩევნო კომისიას სთხოვს ბათილად ცნოს ოლქში  შემავალი ყველა იმ უბნის შემაჯამებელი ოქმი/შედეგები, სადაც არჩევნები ჩატარდა ელექტრონული ტექნოლოგიებით. საუბარია 68 უბანზე. 

ცნობისთვის, გორის საარჩევნო ოლქში 95 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, საიდანაც 27 უბანში ხმის მიცემის პროცედურა ძველი წესით ჩატარდა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.