“რაც უფრო მაღალი იქნება აქტივობა, “ოცნება” მით დაბალ პროცენტს აიღებს” – ამბობს პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრი შმაგი ხუბულური.
მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” 2012 წლის შემდეგ მხარდამჭერთა დიდი ნაწილი დაკარგა და ამ არჩევნების მოგებას, დიდწილად, საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანებით ეცდება.
“ქართული ოცნების” ამომრჩევლების რაოდენობა ყოველწლიურად იკლებს. მაგალითად, 2012 წელს მათ მილიონ ორასი ათასამდე ხმა მიიღეს, ხოლო ბოლო არჩევნებზე დაახლოებით რვაასი ათასი ხმა. დღევანდელი მდგომარეობით მათ დაახლოებით ექვსასი ათასამდე ამომრჩევლის მობილიზება შეუძლიათ, ვინაიდან ბოლო წლებში დაუშვეს კატასტროფული შეცდომები, რამაც საკმაოდ ბევრი ამომრჩეველი დააკარგვინა”.
როგორც ხუბულური ამბობს, მმართველი პარტია მაქსიმალურად ეცდება, რომ საარჩევნო უბანზე ყველა მხარდამჭერი მიიყვანოს, თუმცა მათი რიცხვი მოგებისთვის არასაკმარისი იქნება, თუ მოქალაქეები მასიურად მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას.
“დღევანდელი მდგომარეობით, მათ დაახლოებით ექვსასი ათასამდე ამომრჩევლის მობილიზება შეუძლიათ. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი აქტივობა, ვინაიდან ეს პირდაპირ განსაზღვრავს არჩევნების შედეგს. თუ არჩევნებზე მივა ასიათასი ადამიანი, გამოდის რომ ოცნება 60%-ს მიიღებს, ხოლო თუ დაფიქსირდება მაღალი აქტივობა, მაგალითად როგორიც იყო 2012 წელს, ორ მილიონამდე ამომრჩეველი, მაშინ “ქართული ოცნება” 30%-იან ზღვარს ვერ გადალახავს. ასე რომ თუ გვინდა, ეს მანკიერი სისტემა შეიცვალოს, აუცილებელია, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე და დააფიქსიროს საკუთარი ხმა“, – ამბობს ხუბულური.