“საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე და სარდაფში უამრავი გველია, რის გამოც ბავშვები აღარ დაგვყავს” – ამბობენ ხიდისთავის საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მშობლები.
“მოზაიკასთან” საუბარში მშობლები ამბობენ, რომ პრობლემის შესახებ სააგენტოს რამდენჯერმე აცნობეს თუმცა უშედეგოდ.
“ბევრი გველი ბუდობს ბაღის ტერიტორიაზე. ვინც ნახა, თქვა რომ სარდაფი სავსეა. სპეციალისტები უნდა მოიყვანონ და დაიჭირონ, სხვაგვარად ვერ მოცილდებიან მაგ ადგილს. ორი წელია, ამას ვითხოვთ, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს, – ამბობენ მშობლები.
“მოზაიკა” სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ბაღის ტერიტორია რამდენჯერმე შეწამლეს.
“სააგენტომ იცის ამ ფაქტის შესახებ, ჩვენ შევწამლეთ ბაღის ტერიტორია, მაგრამ მოგეხსენებათ ეს არ შველის. სპეციალისტებმა უნდა დაიჭირონ. ჩვენ მივმართეთ ერთ-ერთ კომპანიას, მაგრამ გვითხრა, რომ გაზაფხულზე და ზაფხულში მუშაობენ მხოლოდ და ახლა აზრი არ აქვს, რადგან გველები ამ დროს მიწაში ჩადიან”, – განმარტავენ სააგენტოში.
სააგენტოს თქმით, ამ ეტაპზე ბაღის სხვა ფართში გადატანა არ იგეგმება. მშობლებს კი შეუძლიათ, ბავშვები იმ საბავშვო ბაღში გადაიყვანონ, სადაც თავისუფალი ადგილებია.
ინფომაციისთვის, “მოზაიკა” ამ პრობლემის შესახებ, მშობელზე დაყრდნობით, ორი წლის წინაც წერდა. მაშინ საბავშვო ბაღის ადმინისტრაციამ მუშაობის დროებით შეაჩერა. მშობლები ამბობენ, რომ წლების შემდეგ იგივე პრობლემის წინაშე დგანან.