სტატიები

“საქართველო არ დათმობს ევროპულ პერსპექტივას” – რა აჩვენა ევროპულმა მარშმა?

“ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ევროპისკენ სწრაფვა არის მისი ურყევი და პრინციპული არჩევანი”, – ასე აფასებენ გორელი მოქალაქეები 20 ოქტომბრის ევროპულ მარშს.

| “ჩვენი გზა არის ევროპისკენ და ამ მსვლელობით, კიდევ ერთხელ ნათლად ვაჩვენეთ ეს.

მოქალაქეების თქმით, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ცივილიზებულ სამყაროს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ევროკავშირია.

“ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის არის ურყევი, ერთგული და პრინციპული ყოველთვის, როდესაც ამ ქვეყანას სჭირდება. ჩვენი გზა არის ევროპისკენ და ამ მსვლელობით ნათლად დავინახეთ,  რომ “ქართული ოცნების” რუსული ხელისუფლება ვეღარაფრით შეძლებს ხელისუფლებაში დარჩენას და იმ ძალაუფლების შენარჩუნებას, რომელიც მათ 12 წლის განმავლობაში გააჩნდათ”, – ამბობს ლექსო ვალიაური.

| “გუშინდელმა დღემ მომცა იმედი, რომ საქართველო გადარჩება.”

თამარ ედიშერაშვილის თქმით, ეს აქცია დასტური იყო იმისა, რომ სამართლიან და თავმოყვარე ქვეყანაში ცხოვრების შანსის გაშვება მოქალაქეებს არ სურთ.

“გუშინდელმა დღემ მომცა იმედი, რომ საქართველო გადარჩება. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ცოლებს ამშობიარებენ ევროპაში და ამერიკაში, რომ ბავშვმა მოქალაქეობა მიიღოს და სხვისი შვილებისთვის თურმე ევროპა გარყვნილების ბუდეა. წარმოუდგენელ სიბრიყვეებს აჯერებენ ხალხს. გუშინდელმა დღემ მაჩვენა, რომ არა ვართ უმრავლესობა ბრიყვები და არავის აღარ სჯერა მაგის”, – აღნიშნავს ედიშერაშვილი.

| “ეს იყო მარში, რომელმაც დაანახა სამყაროს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპა არის უალტერნატივო არჩევანი.”

მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი დააინიცირა, შვილთან ერთად ყველა აქციაზე დგას სამოქალაქო აქტივისტი ლაშა ჯიოშვილი. მისი შეფასებით, გუშინდელი მარში იყო ევროპული პესპექტივის ერთგულების დადასტურება.

“ჩვენს ქვეყანაში გაიმართა ნამდვილი ევროპული მარში, სადაც ადამიანები თავისუფალ ნებას გამოხატავდნენ, სახეზე ღიმილით, სიამაყით. არავის სცხვენოდა იქ დგომა, იმიტომ, რომ კარგად ვიაზრებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე. მოქალაქეებმა ერთი კვირით ადრე, საარჩევნო ციებ-ცხელებას პასუხი გასცეს. კი, ეს იყო მარში, რომელმაც დაანახა სამყაროს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპა არის ერთადერთი და უალტერნატივო არჩევანი”, – ამბობს ლაშა ჯიოშვილი.

| “ეს იყო იმის ჩვენება, რომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები არ არ გავაყალბებინებთ არჩევნებს.”

თეონა ფანქველაშვილის შეფასებით, მოქალაქეები ქუჩაში გამოვიდნენ იმის საჩვენებლად, რომ კვლავ მყარია მათი მხარდაჭერა ცვლილებებისა და ევროინტეგრაციის მიმართ.

“ეს იყო შეხსენება ხელისუფლებისთვის, რომ საქართველოს არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს ევროპის სასარგებლოდ. იყო იმის ჩვენება, რომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები არ დავთმობთ და არ გავაყალბებინებთ არჩევნებს, რასაც წინა წლებში აკეთებდა “ქართული ოცნება’. ეს ერთობლიობაში იყო იმის ჩვენება, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ქვეყანა და სწორი გზით, ევროკავშირისკენ წავიყვანოთ”, – ამბობს თეონა ფანქველაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 20 ოქტომბერს თბილისში მარში “საქართველო ირჩევს ევროკავშირს” მოეწყო.

დატოვეთ კომენტარი