სტატიები

“გორის დღეზე” ხინჩეგაშვილის და პეტრიაშვილის გამოსვლებს საია და ISFED კანონდარღვევად აფასებენ

ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებაზე “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში მყოფი პოლიტიკოსების სიტყვით გამოსვლებს სადამკვირვებლო ორგანიზაციები საარჩევნო კოდექსის დარღვევად მიიჩნევენ. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და “სამართლიანი არჩევნები” ფაქტის შესწავლას ითხოვენ. შესაბამისი საჩივრებით საოლქო საარჩევნო კომისიას ორივე ორგანიზაციამ მიმართა. 

კერძოდ, საუბარია “გორის დღეზე”, სადაც ადგილობრივი ბიუჯეტით მოწყობილ სცენაზე საზოგადოებისთვის მიმართვის შესაძლებლობა მხოლოდ “ქართული ოცნების” სიაში მყოფ პოლიტიკოსებს მიეცა.

გორის სახალხო დღესასწაული “ქართული ოცნების” საარჩევნო ტრიბუნად იქცა – გასართობად შეკრებილი მოსახლეობისთვის სიტყვით მიმართვის შესაძლებლობა ყველა იმ გორელ პოლიტიკოსს მიეცა, ვინც “ქართულმა ოცნებამ” საკუთარ საარჩევნო სიაში ჩასვა. ადგილობრივი ბიუჯეტით მოწყობილ სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, გიორგი სოსიაშვილი და გენო პეტრიაშვილი“, – წერდა “მოზაიკა” მომხდართან დაკავშირებით მომზადებულ მასალაში. 

ამავე თემაზე: “ოცნების” კანდიდატების “გორის დღეზე” გამოსვლა 4 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს 

სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებით, ეს არის საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-7 პუნქტის დარღვევა, რომლის მიხედვითაც აკრძალულია საქართველოს სახელმწიფი ბიუჯეტის/მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა და აღნიშნული ქმედება ითვლება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად. 

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45- ე მუხლის მე-7 ნაწილით აკრძალულია სახელმწიფო ბიუჯეტის/მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა. აღნიშნული ქმედება ჩაითვლება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად“, – ნათქვამია “სამართლიანი არჩევნების” (ISFED) საჩივარში. 

იგივე მუხლის დარღვევაზე მიუთითებს საკუთარ საჩივარში “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც”. ორგანიზაცია ასევე ყურადღებას ამახვილებს გორის მერიის  მიერ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ისეთი ფოტოების განთავსების ფაქტზე, რომლებზეც “ქართული ოცნების” საარჩევნო სიმბოლიკა ჩანს. 

ამასთან, გორის მერიის მიერ აღნიშნულ დღესთან დაკავშირებულ გავრცელებულ ფოტოებში, კარგად ჩანს მმართველი პარტიის სიმბოლიკა“, – ნათქვამია ორგანიზაციის საჩივარში. 

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და “სამართალიანი არჩევნები” გორის საოლქო საარჩევნო კომისიას სთხოვენ დეტალურად შეისწავლოს საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და დამრღვევის მიმართ შეადგინოს შესაბამისი ოქმი. 

აღსანიშნავია, რომ როგორც “მოზაიკამ” გაარკვია, სახალხო დღესასწაულზე გამომვლელთა სია გორის მერიამ შეადგინა. შესაბამისად, დარღვევის დამტკიცების შემთხვევაში, ჯარიმის გადახდაც ორგანიზატორ უწყებას მოუწევს. კანონმდებლობით ჯარიმის ოდენობა 2 000-დან 4 000 ლარამდეა. 

დატოვეთ კომენტარი