სტატიები

სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები ზაალ დუგლაძის საარჩევნო კამპანიაში 

“ქართული ოცნების” დელეგატი ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვებას კანონდარღვევებით ცდილობს, რისთვისაც პასუხისგება შესაძლოა ხაშურის მერს ანდა ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს მოუწიოს. რა მოხდა სოფელ წაღვლში და ვის პასუხისმგებლობას ხედავენ იურისტები? 

წაღვლში “ქართული ოცნების” დელეგატი ზაალ დუგლაძე ხაშურის მერთან, თენგიზ ჩიტიაშვილთან ერთად იმყოფებოდა. საარჩევნო შეხვედრის მეორე დღეს კი, სოფელში მძიმე ტექნიკა გამოჩნდა, რომლითაც გზის ის მონაკვეთი მოხრეშეს, რომლის მოსწორებასაც ადგილობრივები მუდმივად ითხოვდნენ. 

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებზე ზაალ დუგლაძე და თენგიზ ჩიტიაშვილი ერთად დადიან. მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა საჭიროებიდან გამომდინარე გააგზავნა ტექნიკა. ზაალ დუგლაძეს ტექნიკა არ ჰყავს”, – გვთხრა ზაალ დუგლაძის ბიუროს ხელმძღვანელმა. 

ვისი სახსრებით და ტექნიკით შეუსრულეს წაღვლის მოსახლეობას მოთხოვნა?

ვისი სახსრებით და ტექნიკით შეუსრულეს წაღვლის მოსახლეობას მოთხოვნა, – ამის გასარკვევად “მოზაიკა” თავდაპირველად ხაშურის მერს დაუკავშირდა, რომელმაც სცადა გზის მოსწორება-მოხრეშვა გეგმიურ სამუშაოდ წარმოეჩინა. 

გზის მოსწორებას არჩევნებთან კავშირი არ აქვს. ეს ჩვეულებრივად, როდესაც სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემაა ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ მოვაწესრიგოთ. ეს მუშა პროცესია და პერიოდულად ეს ყველგან ხდება სადაც აფალტის საფარი არაა დაგებული”, – გვითხრა თენგიზ ჩიტიაშვილმა. 

მისგან განსხვავებით, მეტად გულწრფელი პასუხი მივიღეთ ვაჟა ლომიძესგან, რომელიც სოფელ წაღვლში მერის წარმომადგენელია. 

გზის მოსწორების დაპირება რამდენიმე თვის წინ მოხდა, მარტი-აპრილში. მერე, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სექტემბერში ამოსულები იყვნენ მერი და დეპუტატი და რადგან დაპირება იყო მიცემული, მოიყვანეს ტექნიკა და გზა მოასწორეს”, – გვითხრა მერის წარმომადგენელმა სოფელ წაღვლში ვაჟა ლომიძემ. 

მანვე გვითხრა, რომ გზის 4-კილომენტრიანი მონაკვეთის მოსწორება-მოხრეშვა მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში არ მომხდარა. ამას ადასტურებს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის კომენტარიც, რომელმაც აღნიშნა, რომ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზე კომენტარს ვერ გააკეთებდა. 

არ ვიცი, მე მაგ კამპანიაში, მოგეხსენებათ, მონაწილეობას არ ვიღებ, ამიტომ მე ვერ გიპასუხებთ. წაღვლში მისასვლელი გზა სრულიად რეაბილიტირებულია. თუ რამე კონკრეტული პრობლემა იყო, ნამდვილად ვერაფერს გეტყვით”, – გვითხრა ნინო სუხიაშვილმა, ხაშურის მერიის პრესსამსახურის უფროსმა.

როგორც “მოზაიკამ”  გაარკვია, სოფელ წაღვლში გზის მოხრეშვა-მოსწორება საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან გამრეკელმა უზრუნველყო. სწორედ მისი ტექნიკით და ხრეშით მოხდა ადგილობრივი ამომრჩევლების დიდი ხნის მოთხოვნის დაკმაყოფილება. 

დაახლოებით 4 კილომეტრზეა საუბარი. ხაშურის საკრებულოს თავჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან გამრეკელმა გააკეთა მისი იყო ტეკნიკაც,ხრეშიც,ჩვენ ერთი თეთრიც არ დაგვიხარჯავს“, – გვითხრა მერის წარმომადგენელმა. 

| იკვეთება საარჩევნო კოდექსის 47-ე და 49-ე მუხლების დარღვევის ნიშნები

წაღვლის შემთხვევა აჩვენებს, რომ ხაშურის მერი და ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მათ ხელთ არსებულ თანამდებობრივ და ფინანსურ რესურსებს “ქართული ოცნების” დელაგატის ზაალ დუგლაძის სასარგებლოდ იყენებენ, რაც იურისტების შეფასებით საარჩევნო კოდექსის 47-ე და 49-ე მუხლების დარღვევაა. 

კერძოდ, როგორც საია-ს გორის ოფისის ხელმძღვანელი ამბობს, წაღვლში გზის მოსწორება ადგილობრივი ხელისუფლების მოვალეობაა. შესაბამისად, კითხვის ნიშნებს სწორედ ის გარემოებები აჩენს, რომ სამუშაოები კონკრეტული თანამდებობის პირების ურთიერთშეთანხმებით, წინასაარჩევნო პერიოდში, “ქართული ოცნების” ინტერესების სასარგებლოდ შესრულდა.

იკვეთება ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის საკითხი. თუ მარტში დაპირდნენ, მაშინ რატომ არ შეასრულეს, რაღა ეხლა გააკეთეს? უნდა მოხდეს ამ საკითხის შესწავლა. სახელმწიფოს გასაკეთებელ საქმეს კონკრეტული პიროვნება რატომ აკეთებს, მუნიციპალიტეტს მაგის ფული არ ჰქონდა, ერთი ქუჩა მოესწორებინა? ეს ყველაფერი აჩენს ვარაუდის საფუძველს, რომ ადგილი აქვს ამომრჩევლის მოსყიდვას”, – გვითხრა ქეთი ბებიაშვილმა. 

მისივე თქმით, ამომრჩევლის მოსყიდვის დადასტურების შემთხვევაში, სამართლოს გადაწყვეტილებით, “ქართულ ოცნებას” რეგისტრაცია უნდა შეუჩერდეს. 

რაც შეეხება უშუალოდ ხაშურის მერის, თენგიზ ჩიტიაშვილის და ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან გამრეკელის პასუხისმგებლობებს, ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, მათ პასუხისგება სისხლის სამართლის კოდექსით მოუწევს. 

გზების დაგება საკრებულოს კომპეტენცია არ არის. ამგვარ სამუშაოებს უნდა ახორციელებდეს მერია. შესაბამისად, მოსაკვლევია, რა იყო მერის ფუნქცია ამ პროცესში, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ სამუშაოების შესრულებამდე ერთი დღით ადრე, როგორც ირკვევა, სწორედ ის შეხვდა ამ სოფლის მოსახლეობას და შემდეგ, რატომ შეასრულა მერიის გასაკეთებელი სამუშაოები საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ”, – განმარტავს იურისტი. 

ამომრჩევლის მოსყიდვა სისხლის სამართლის დანაშაულია და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 3 წლის ვადით.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.