ადამიანები ისტორიები

აღმზრდელობიდან ხელსაქმემდე – მაია საბაშვილის თოჯინები

42 წლის მაია საბაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში ცხოვრობს. პროფესიით ჟურნალისტია, თუმცა ამ მიმართულებით არასოდეს უმუშავია. ამბობს, რომ ინტერესი ბევრი საქმის მიმართ აქვს, თუმცა მათგან ყველაზე სასიამოვნო მაინც ახალგაზრდებისთვის ხელსაქმის სწავლებაა.

მაია ახლა გორში, “კეთილდღეობისა და განვითარების” ცენტრში სპეც. მასწავლებლად მუშაობს. როგორც თავად ამბობს, ახალგაზრდებთან ურთიერთობის სურვილი საკუთარ თავში ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში მუშაობის პერიოდში აღმოაჩინა.

“ხუთი წელი ვმუშაობდი სკოლამდელ დაწესებულებაში და მივხვდი, ეს პროფესია ყველაზე ახლოს იყო ჩემს შინაგან ბუნებასთან. პატარების ჟრიამული, ალიაქოთი, დამქანცველი და ქაოსური დღეები ჩემთვის ყველაზე ძვირფასია. საბავშვო ბაღი ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის და პატარებთან ურთიერთობა უზომოდ სასიამოვნოა. აქ ცალკე განზომილებაა. სულ სხვა სამყაროა.”

იმისთვის, რომ ახალგაზრდებთან მუშაობა მისი ყოველდღიურობის ნაწილი გამხდარიყო, მაიამ კიდევ ერთხელ ჩააბარა უნივერსიტეტში და პროფესიული განათლება ამჯერად აღმზრდელის კვალიფიკაციის ასამაღლებლად მიიღო. სწორედ ამ ცოდნით, ის ახლა იმ ახალგაზრდებთან მუშაობს, რომლებსაც საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის სხვადასხვა უნარების განვითარება სჭირდებათ.

“ჩემს ახალგაზრდებს საზოგადოებასთან ინტეგრირებისთვის პროფესიული უნარების განვითარება სჭირდებათ. მათთან მუშაობის პროცესში მივხვდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხელოვნება და ხელსაქმე. ამ დროს წარმოუდგენელ სიმშვიდეს და სიამოვნებას გრძნობ, როდესაც იბადება იდეა და ცდილობ იდეას შეასხა ფრთები. საკუთარი ხელებით ქმნი ნივთს, რომელიც შენს წარმოსახვაში ცოცხლდება და თითქოს ზღაპრის ერთ-ერთი პერსონაჟია. ამ იდეით, ვეხმარები ჩემს ახალგაზრდებსაც, რომ გამოიმუშაონ სხვადასხვა უნარები, რათა შეეძლოთ დამოუკიდებლად რაღაცების შექმნა”

ახალგაზრდებთან მუშაობის პროცესში, მაია ხელსაქმით თავადაც დაინტერესდა და თოჯინების შექმნა დაიწყო.

“ამ დროს დავიწყე თოჯინების გაკეთება. ყოველი ახალი ნივთის შექმნა იყო დიდი სტიმული, შეძლებისდაგვარად ჩემი ბავშვების ჩართულობით, რაც მათთვის ძალიან სასიამოვნო და სახალისო იყო. მიწევდა რესურსების და მასალების თავად მოძიება და ვიყენებდი ისეთ ნივთებს, რომელიც ერთი შეხედვით უკვე უსარგებლო და გამოუყენებელი იყო“.

თოჯინების შექმნა მაიას არა მხოლოდ პროფესიული საქმიანობის, არამედ ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ამბობს, რომ ეს საქმე საკუთარ შვილსაც ასწავლა.

“მახსოვს, ჩემს შვილის სურდა თანაკლასელებისთვის საახალწლოდ ხელნაკეთი საჩუქარი დაემზადებინა. ვიმსჯელეთ, ვიფიქრეთ და თოჯინის შექმნა დავიწყეთ. შემდეგ ჯერზე უფრო მეტად დავხვეწეთ ტექნიკა და საბოლოოდ ისეთი მარტივი იყო ეს საქმე და ისეთი საინტერესო, რომ გაჩერება მიჭირდა. ამასთან ერთად, ჩემი10 წლის გოგონაც უკვე დამოუკიდებლად, ჩემი დახმარების გარეშე აკეთებდა.”

მაიას სურვილია, რომ საკუთარი სახელოსნო მოაწყოს, სადაც საკუთარ ხელნაკეთ თოჯინებს გამოფენს და საყვარელ საქმეს სტუმრებსაც ასწავლის.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი