“ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა” – ასე ეხმაურება ოპოზიცია მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სტიქიის შედეგად, 9 თვის წინ დაზარალებულ მოსახლეობას კომპენსაციას არჩევნებამდე 2 კვირით ადრე დაურიგებენ.
6 თებერვალს, უხვმა ნალექმა და ძლიერმა ქარმა ასობით ხაშურელი დააზარალა – წყალმა დატბორა გზები, ეზოები, სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები.

სტიქიის შემდეგ, მოსახლეობამ ხელისუფლებას დახმარება არაერთხელ სცადა, თუმცა პასუხად მიიღო, რომ ზარალის ასანაზღაურებლად საჭირო თანხები ხაშურის ბიუჯეტში არ იყო.
არჩევნებამდე ორი კვირით ადრე კი, “ქართული ოცნების” სიის 26-ე ნომერი ზაალ დუგლაძე ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაზარალებული 397 ოჯახი კომპენსაციის სახით 2 000 ლარს მიიღებს.

| “სტიქიური უბედურება თებერვალში მოხდა, სად იყვნენ აქამდე?”
ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობაა.
“სტიქიური უბედურება თებერვალში მოხდა, სად იყვნენ აქამდე? მთავრობის ვალდებულებაა დაეხმაროს ხალხს, თუმცა საარჩევნოდ ამის გაკეთება, ეს არის მცდელობა რომ მათ ამომრჩევლის გული მოიგონ“, – გვითხრა მაია ახალკაცმა, კოალიციის “ძლიერი საქართველო” წევრმა.

| “ახლა წინასაარჩევნოდ რომ ურიგებენ, ნამდვილად მოსყიდვაა”.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხელისუფლების მცდელობა დაგვიანებული კომპენსაციით ხალხის კეთილგანწყობა დაიბრუნოს, წარუმატებელი იქნება.
“ახლა წინასაარჩევნოდ რომ ურიგებენ, ნამდვილად მოსყიდვაა, თუმცა ხალხისთვის სასარგებლოა, რაც უფრო მეტს მისცემენ, უკეთესია, თუმცა მთავარი ისაა, რომ ეს ხალხის გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს. ამომრჩეველს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ და ამ თანხების დარიგებით დაკარგულ მხარდაჭერას “ქართული ოცნება” ვეღარ დაიბრუნებს“, – ამბობს კოალიციის “ერთიანობა” წარმომადგენელი ეკა პაპუაშვილი.

| “ამდაგვარი უბადრუკი ქმედებით მმართველი პარტია ადამიანთა მოტყუებას ვეღარ შეძლებს.”
ოპოზიცია აღნიშნავს, რომ სტიქიით დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნვა ხელისუფლებამ თვეების განმავლობაში პრიორიტეტულად არ ჩათვალა, სწორედ ამიტომ პარტიის “საქართველოსთვის” წევრი ამბობს, რომ ხელისუფლება ამ ნაბიჯით ამომრჩევლის განწყობის ცვლილებას ცდილობს.
“ეს ადამიანები არავის გახსენებია თვეების განმავლობაში. ახლა კი წინასაარჩევნოდ ფულადი კომპენსაციის დარიგება სწორედაც რომ დაკავშირებულია მომავალ არჩევნებთან და ამომრჩევლის მოსყიდვის ელფერი დაჰკრავს. ამდაგვარი უბადრუკი ქმედებით მმართველი პარტია ადამიანთა მოტყუებას ვეღარ შეძლებს. იმაზე დიდი რამ დგას სასწორზე, ვიდრე ყოფითი პრობლემებია და ეს ქვეყნის დიდ უმრავლესობას გასიგრძეგანებული აქვს. თუნდაც ამდაგვარი აგდებული დამოკიდებულებიდანაც ჩანს, თუ როგორი დაბალი წარმოდგენა აქვთ ხალხზე მმართველ პარტიას. საქართველოს მომავალი ფულზე არ გაიყიდება“, – გვითხრა შოთა კურტანიძემ.
აღსანიშნავია, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებული ადამიანების დროული დახმარების საჭიროებაზე არაერთი მასალა მოამზადა “მოზაიკამაც”. თვეების განმავლობაში, მოქალაქეები ითხოვდნენ დახმარებას დაზიანებული საცხოვრებელი ფართების შესაკეთებლად.











