ადამიანები ისტორიები

“მინდა ვაშლის ევროპის ბაზარზე გატანა შევძლო” – ლევან სირბილაძის მეურნეობა თორტიზაში

“ჩვენ გვინდა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, რომ ჩვენი პროდუქციის გატანა ევროპულ ბაზარზე შევძლოთ”, – ამბობს თორტიზაში მცხოვრები ლევან სირბილაძე, რომელმაც მამა-პაპისეულ მიწაზე ვაშლის ახალი ჯიშები გააშენა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება დაიწყო.

“ჩემს ოჯახს ჰქონდა ძველი ჯიშის ვაშლები და გადავწყვიტე გამეშენებინა თანამედროვე, ახალი ბაღები. 2019 წელს დავიწყე გაშენება და ახლა 6-7 ჯიშის ვაშლს ვაწარმოებ. ამ ეტაპზე რეალიზაცია ხდება შიდა ბაზარზე. საბედნიეროდ საქართველოში ბევრი თანამედროვე, ევროპული ბაღი გაშენდა, თუმცა მომავალი წლიდან საკმარისი აღარ იქნება საქართველოს ბაზარი, ხელის შეწყობა გვჭირდება, რომ ფერმერებმა შევძლოთ თავისუფლად გავიტანოთ ევროკავშირის ბაზარზე ჩვენი პროდუქცია, საიდანაც მივიღებთ შესაბამის ანაზღაურებას”, – ამბობს ფერმერი.

ოჯახის მოსავალი ყოველწლიურად 250 ტონას აღწევს. იმისათვის, რომ პროდუქტი მალე არ გაფუჭდეს, ფერმერმა სამაცივრე მეურნეობაც განავითარა.

“ევროპული სტანდარტების მოსავალს სჭირდება შესაბამისი შენახვა, ამისთვის საჭიროა თანამედროვე სამაცივრე სისტემა. ერთი წელია, რაც სამაცივრე სისტემა მაქვს მოწყობილი და ამ პერიოდის განმავლობაში ფაქტიურად დანაკარგი არ გვქონია. კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე, დიდი რაოდენობის პროდუქციის შენახვა სხვანაირად წარმოუდგენელია”, – გვიყვება სირბილაძე.

ლევანისთვის ხილის ბაღის გაშენება მარტივი არ ყოფილა, ამ საქმეში გამოუცდელს ბევრი შრომა დასჭირდა წინსვლისთვის და როგორც თავად ამბობს, ამ პროცესში მნიშვნელოვანი დახმარება ის ცოდნა და გამოცდილება იყო, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით იღებდა.

“ბაღის გაშენება საკმაოდ შრომატევადი საქმეა. ამ სფეროში გამოუცდელები ვიყავით და ძალიან გამიჭირდა გაშენება, მაგრამ თუ ადამიანი მოინდომებს, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ სფეროში განათლება, ადამიანი თუ არ განვითარდა, ფიზიკურად წარმოუდგენელია ამ საქმეს ემსახუროს. ბევრი შრომის შედეგად ვფიქრობ, დავნერგე ჩემს მამაპაპეულ, ძირძველ მიწაზე ევროპული სტანდარტების ბაღი”, – აღნიშნავს ის.

ვაშლის მოსავლის ზრდასთან ერთად ლევანსსასოფლო სამეურნეო საქმეები სულ უფრო ემატება. მიუხედავად იმისა, რომ მას ოჯახი ეხმარება, ამბობს, რომ ეს საკმარისი არ არის, ამიტომ ყოველწლიურად ის თანასოფლელს თავისთან ასაქმებს.

“მთელი ჩემი ოჯახი ჩართულია, თუმცა არ ვართ საკმარისი, რომ მოვუაროთ ამდენ ვაშლს და ყოველწლიურად ვასაქმებ რამდენიმე ათეულ ადამიანს. ჩვენ გვინდა, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, იმიტომ რომ ამ კავშირის წევრობა ჩემთან მომუშავე ხალხზეც სასიკეთოდ აისახება. თუ კარგ ფასში გავყიდი ვაშლს, შემეძლება ამ ადამიანებს მეტი თანხა მივცე. სამწუხაროდ დღესდღეობით არ არის საქართველოში ხარისხთან მიმართებაში შესაბამისი ფასი და ეს შედეგები აისახება არამარტო ჩემზე და ჩემს ბიზნესზე, არამედ ჩემთან დასაქმებულ ბევრ ადამიანზე” , – ამბობს ლევანი.

ლევანი ფიქრობს, რომ მომავალ წელს უფრო მეტი მოსავლის აღებას შეძლებს და ბევრი ადამიანი დაასაქმების საშუალებაც ექნება. იქამდე კი იმედოვნებს, რომ ევროინტეგრაციის პროცესი დაჩქარდება და ვაშლის გაყიდვას მალე ევროპის ბაზარზე შეძლებს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.