სტატიები

“მოქალაქეთა აქტიურობა ამცირებს მანიპულაციების შესაძლებლობას” – საინფორმაციო შეხვედრა ზარდიაანთკარში

“მოქალაქეთა აქტიურობა ამცირებს მანიპულაციების შესაძლებლობას” – უთხრა ამომრჩევლებს “სამართლიანი არჩევნების” იურისტმა თეა თედლიაშვილმა, “მოზაიკას” მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო შეხვედრაზე. 

საარჩევნო უფლებებზე ამჯერად ტრენინგი ჩავატარეთ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ზარდიაანთკარში და ვეცადეთ, რომ ქალი ამომრჩევლებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია როგორც მათი უფლებების, ასევე საარჩევნო პროცედურების შესახებ. ფაქტია, რომ საზოგადოებაში არსებობს კითხვები და მნიშვნელოვანია, რომ ამ კითხვებზე მათ ზუსტი და ობიექტური პასუხები მიიღონ“, – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ იურისტმა. 

შეხვედრაზე ყურადღება გადასატანი ყუთით სარგებლობის საკითხზე გამახვილდა. შესაბამისად, იურისტმა მონაწილეებს დეტალურად განუმარტა გადასატანი ყუთის მოთხოვნის პროცედურები და ვადები. 

როგორც ვიცით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ამომრჩევლებმა საარჩევნო ადმინისტრაციას უნდა მიმართონ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 11 დღით ადრე. ამომრჩევლების ნაწილმა ეს ინფორმაცია არ იცის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, მათთვის ამ ცნობების მიწოდება, რა თქმა უნდა, იმ იმედით, რომ ისინი მიწოდებულ ინფორმაციას თანასოფლებებსაც გაუზიარებენ“, – ამბობს შეხვედრის ორგანიზატორი თეონა ფანქველაშვილი. 

საინფორმაციო შეხვედრა პროექტის “საარჩევნო უფლებებზე ქალების ინფორმირებისათვის” ფარგლებში ჩატარდა. პროექტს “მოზაიკა” ფონდი “ტასოს” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. 

რა ვადებში და როგორ მოვითხოვოთ გადასატანი ყუთი? 

  • კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში მისვლის შეუძლებლობის შემთხვევაში, ამომრჩეველმა გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას უნდა  მიმართოს კენჭისყრის დღემდე, არაუგვიანეს მე-11 დღისა.
  • გადასატანი საარჩევნო ყუთის სია დგება ამომრჩეველთა (გარდა კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლებისა) ერთიანი და სპეციალური სიების საფუძველზე.

როგორ უნდა აღმოჩდეს ჩვენი მონაცემები გადასატანი ყუთით მოსარგებლეთა სიაში? 

  • გადასატანი ყუთით მოსარგებლე ადამიანთა სიას საუბნო საარჩევნო კომისია ადგენს.

პროცედურის დაწყებისა და დასრულების დრო 

  • გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა იწყება კენჭისყრის 09:00 საათიდან და სრულდება 19:00 საათზე. გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანში უნდა დაბრუნდეს არა უგვიანეს 20:00 საათისა.
  • იმ უბნებზე, სადაც ამომრჩეველი ხმას აძლევს ელექტრონულად, გადასატანი ყუთით მოსარგებლე ამომრჩეველი ხმას ახალი წესით დაბეჭდილი ბიულეტენებით მისცემს, სადაც შემოხაზვის ნაცვლად სასურველი პარტიის ასარჩევად გააფერადებს წრეს.
  • გადასატან ყუთში ბიულეტენები ჩარჩო კონვერტთან ერთად თავსდება, რაც დამაგრებული უნდა იყოს ლითონის შემკვრელებით, რათა არ დაირღვეს ხმის მიცემის ფარულობა საარჩევნო ყუთის გახსნამდე.

შენიშვნა: გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესზე ვრცელდება ყველა პროცედურა, რომლებიც დაკავშირებულია საარჩევნო უბანზე ხმის მიცემასა და ამომრჩევლის მარკირებასთან.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.