სტატიები

ვის მისცა 15-სართულიანი კომპლექსის აშენების ნებართვა გორის მერიამ? – საკრებულოს წევრის და რუსეთის მოქალაქეების ერთობლივი ბიზნესი 

გორში, ჭალის დასახლებაში მრავალსართულიანი კორპუსები მასიურად შენდება, თუმცა მათგან ერთადერთი კომპანია, რომელსაც 15-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის “გორი თაუერსის” აშენების ნებართვა მისცეს “ეი ჯი დეველოპმენტია” – ეს კომპანია გორში ააშენებს იმაზე ორჯერ მაღალ შენობას, ვიდრე ქალაქის ცენტრში, კომბინატის თუ წმინდაწყლის დასახლებებშია. 

“ეი ჯი დეველოპმენტმა” მერიისგან მიღებული თანხმობით, სამშენებლო სამუშაოები უკვე დაიწყო ე.წ. ტაქსების სადგომის ტერიტორიაზე. 

თამარ მეფის და აბრამიშვილის ქუჩების კვეთაზე შენდება 15-სართულიანი კორპუსი, სამი კომპლექსისგან შემდგარი. უკვე მიმდინარეობს პირველი სართულის ფილის ჩასხმა“, – უთხრა “მოზაიკას” სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელმა. 

როგორც “მოზაიკამ” გაარკვია, კომპლექსის მშენებლობა 2026 წელს დასრულდება და კერძო სახლებით დასახლებულ უბანში პირველი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი გაჩნდება. 

აქ მაცხოვრებლებისთვის არავის არაფერი უკითხავს, ისე დაიწყეს კორპუსის მშენებლობა. სულ რომ არ მოგვწონდეს, არ ვიცით, რისი გაკეთება შეგვიძლია“, – გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა, რომელიც ამავე ქუჩაზე ორ-სართულიან კერძო სახლში ცხოვრობს. 

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეთა ინტერესების, უსაფრთხოების თუ ქალაქის იერ-სახის დაცვას და უბნების ავთენტურობის შენარჩუნებას გორის განაშენიანების გენერალური გეგმა უნდა უზრუნველყოფდეს, რომლის დამტკიცების პირობაც გორელებს ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მერად არჩევამდე მისცა, თუმცა გე.გეგმა დღემდე არაა დამტკიცებული და მისი მერობის პერიოდში, ამ დოკუმენტის გარეშე, გორის მერიამ 7 000-ზე მეტი სამშენებლო ნებართვა გასცა.

მათ შორის ინდივიდუალური და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების”, – ვკითხულობთ გორის მერიის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების ანგარიშებში. 

მრავალბინიან საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ნებართვას კი “ქართულ ოცნებასთან” სხვადასხვა ფორმით დაკავშირებული პირები იღებენ. ასეა “ეი ჯი დეველოპმენტის” შემთხვევაშიც. 

“ეი ჯი დეველოპმენტმა” მრავალსართულიანი კომპლექსის აშენება გურამ კორინთელის დირექტორობის პერიოდში დაიწყო – გურამ კორინთელი “ქართული ოცნების” წევრი და პარტიული სიიით გორის საკრებულოში მოხვედრილი დეპუტატია. ის გასული წლიდან მართავს ამ სამშენებლო ბიზნესს, რომელიც რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბიზნესმენს, გიორგი ხმიადაშვილს ეკუთვნის. 

გიორგი ხმიადაშვილს იურიდიულ ურთიერთობებში ოფიციალურ წარმომადგენლად, საკუთარი ძმა არჩილ ხმიადაშვილი ჰყავს დანიშნული – სწორედ არჩილ ხმიადაშვილმა გადასცა გენო პეტრიაშვილს სამ-ოთახიანი ბინა საჩუქრად, ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატებისთვის. აღსანიშნავია, რომ ახლა უკვე “ქართული ოცნების” პარტიული სიის მეათე ნომრის დაჯილდოებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 

ფოტოზე: არჩილ ხმიადაშვილი, თემურ ხუბულური, გენო პეტრიაშვილი, თამაზ შიოშვილი

ვინ არის გურამ კორინთელი და როგორია მისი ბიზნეს-შემოსავლები ბიუჯეტიდან? 

გურამ კორინთელი ტყვიავის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის, ივანე კორინთელის შვილია. მერის წარმომადგნელად დანიშვნამდე, ივანე კორინთელი წინა მოწვევის საკრებულოს წევრი იყო. 

რაც შეეხება თავად გურამ კორინთელს, ის საკრებულოს წევრი გასული წლის შემოდგომით გახდა. მან საკრებულოში გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი სოსიაშვილი ჩაანაცვლა. 

პოლიტიკური საქმიანობის პარალელურად, გურამ კორინთელს აქტიური ბიზნესებიც აქვს. მათგან ერთ-ერთ კომპანიას “მეგა დეველოპმენტს” კი, ბოლო სამ წელში, გორის მერიასთან 12 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. 

შპს “მეგა დეველოპმენტი” გურამ კორინთელმა 2020 წლის 13 ნოემბერს დააფუძნა და პირველი ტენდერი დაფუძნებიდან 5 დღეში მოიგო. დაფუძნებიდან მხოლოდ ორ კვირაში კი, გორის ბიუჯეტიდან “ქართული ოცნების” წევრის კომპანიამ 45 000 ლარზე მეტი მიიღო. 

ტენდერების პარალელურად, გორის მერია კომპანიის მომსახურებას უტენდეროთაც ყიდულობდა. ჯამში კი, გორის ბიუჯეტიდან კომპანიას 320 000-მდე ლარი აქვს მიღებული.

კორინთელის კიდევ ერთი კომპანია, რომელთანაც საბიუჯეტო დაწესებულებები თანამშრომლობენ, შპს “ლომისი 2011”-ია. აღნიშნულ კომპანიას ბიუჯეტიდან, ტენდერში მონაწილეობის გარეშე, 24 000-მდე ლარი აქვს მიღებული. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.