სტატიები

“ოცნების” და პრორუსი ბიზნესმენის მორიგი თანამშრომლობა – გორში ახალი გაერთიანება იქმნება

პრორუსი ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი “ქართული ოცნების” მხარდამჭერ გაერთიანებას ქმნის. როგორც “მოზაიკამ’ გაარკვია, სწორედ გიორგი კანდელაკის და ნოდარ მეტრეველის ინიციატივით იქმნება მოძრაობა “ერთობა მშვიდობისთვის” – გაერთიანების მიზანი მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტიის მხარდაჭერა იქნება. 

კანდელაკი მოძრაობის პრეზენტაციას დღეს აპირებს. როგორც ცნობილია, ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს შორის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც არიან. ერთ-ერთი მათგანი კი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძეა. 

მე მივდივარ შეხვედრაზე, მოწვევა მაქვს. დადებითად ვაფასებ მათ წამოწყებას. მათ პოზიციებს მე ზოგადად ვიცნობ, დეტალებს კი დღეს უფრო ახლოს გავეცნობი“, – გვითხრა დავით რაზმაძემ.

მიწვევა არ მიუღია გორის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილს, თუმცა ამის მიუხედავად, ის “ქართული ოცნების” და პრორუსი ბიზნესმენის გაერთიანებით კმაყოფილია. 

მე რამდენადაც ვიცი, მოქალაქეები იკრიბებიან, რომლებსაც სურთ მხარი დაუჭირონ ჩვენ გუნდს, თუმცა ოფიციალურად მიწვეული მე არ ვარ. მე არ  მისაუბრია გიორგისთან ამ საკითხზე, იქ გიორგის გარდა სხვებიც არიან  და რამდენადაც ვიცი, ჩვეულებრივ მხარდამჭერები იქნებიან“, – გვითხრა თამაზ შიოშვილმა.

აღსანიშნავია, რომ კანდელაკი შეხვედრას კომბინატში მდებარე კულტურის ცენტრში მართავს. ეს შენობა მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და შესაბამისად, ამ სივრცეში შეხვედრის გამართვის თანხმობას კულტურის სააგენტო გასცემს. ფართის დათმობის წინაპირობების გარკვევა “მოზაიკამ” სააგენტოში ვერ შეძლო.

გიორგი კანდელაკის და ხელისუფლების თანამშრომლობის შესახებ:

გიორგი კანდელაკი და მმართველი პარტია უკვე წლებია თანამშრომლობენ, ურთიერთმხარდაჭერის და ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ. 

კანდელაკი “ქართული ოცნების” მხარდამჭერი და დამფინანსებელია. Მაგალითად, 2018 წელს, მან “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, თავისი ერთ-ერთი კომპანიის შპს “თანას” სახელით 100 000 ლარი გადაურიცხა. 

Სწორედ ამავე წელს გახდა ცნობილი, რომ ჯალაბაძის და კანდელაკის საერთო კომპანიას, ხელისუფლება 2 560 000 ლარს გადაუხდიდა და მის მიერ, გორში  ჭონქაძის ქუჩაზე მშენებარე მრავალსართულიან კორპუსს დევნილებისთვის შეიძენდა. 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კომპანია გორის მერიისგან სამშენებლო ნებართვებს უპრობლემოდ იღებს. სწორედ “ვარკსვლავის” აშენებულია გორში, რუსთაველის ქუჩაზე არსებული მრავალსართულიანი კორპუსიც.

Სამშენებლო ბიზნესის გარდა, გიორგი კანდელაკის კომპანიები სხვა მიმართულებითაც მუშაობენ. ამჟამად, მისი ბიზნესსაქმიანობა 10 სხვადასხვა კომპანიას უკავშირდება.

ამ კომპანიების ნაწილის შემოსავლის ერთ-ერთი წყარო სახელმწიფო ფულია.  მაგალითისთვის, შპს “თანას” სახელმწიფოსთან 44 სხვადასხვა გამარტივებული შესყიდვა აქვს გაფორმებული – ჯამში 15 000 ლარის ღირებულების. ხოლო შპს “გითანასთან”  უწყებებს 32 000 ლარის 27 გამარტივებული შესყიდვა აქვს განხორციელებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ გორის ხელისუფლება მუდმივად ცდილობს გიორგი კანდელაკის, როგორც წარმატებული სპორტსმენის პოპულარიზაციას. მისი სახელობის ტურნირებს წელიწადში რამდენჯერმე ატარებს და ამისთვის ბიუჯეტიდან ათასობით ლარს ხარჯავს – მაგალითისთვის, ბოლო ასეთი ტურნირი სექტემბერში ჩატარდა და ამისთვის გორის ბიუჯეტიდან 32 900 ლარი დაიხარჯა. 

ინფორმაციისთვის, გიორგი კანდელაკი წარსულში წარმატებული სპორტსმენი იყო. ის იყო მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი. სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, მან ბიზნეს- სექტორში გადაინაცვლა. გარდა ამისა, ყოფილმა სპორტსმენმა გორში ტელევიზია “TV სეზონი” დააფუძნა, რომელიც “მითების დეტექტორმა” კრემლისტურ მედიად დაასახელა. სხვადასხვა კვლევებით, ტელევიზია პრორუსული და ძალადობრივი ნარატივების წყაროდ არის დასახელებელი. 

აღსანიშნავია ისიც, რომ კანდელაკის დაფინანსებით სტალინის ბიუსტები და ბილბორდები ჩნდება მუნიციპალიტეტში.  ის გორის ცენტრში სტალინის ძეგლის დაბრუნებასაც ითხოვდა, თუმცა მისი ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.