ორთოდენტმა, რომელსაც არც ბიზნესი და კომპანია არ უფიქსირდება, “ქართულ ოცნებას” 60 000 ლარი შესწირა. პარტიული შემოწირულობების ვებ.გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, თეა ზერეკიძემ მმართველ პარტიას თანხა 10 სექტემბერს გადაურიცხა.
“ალბათ, ნომერი შეგეშალათ”, – ასე უპასუხა ზერეკიძემ “მოზაიკას” კითხვას პარტიულ შეწირულობასთან დაკავშირებით, დამატებით კითხვებს კი თავი ტელეფონის გათიშვით და ზარებზე არპასუხით აარიდა.
როგორც “მოზაიკამ” გაარკვია, თეა ზერეკიძე პროფესიით ორთოდენტია და თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს. მის სახელზე არც ერთი ბიზნესი თუ კომპანია არ არის რეგისტრირებული, არც რაიმე სახის სამეწარმეო საქმიანობა უფიქსირდება.
კლინიკის ვებ.გვერდზე გამოქვეყნებულ მის ბიოგრაფიაში კი ვკითხულობთ, რომ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი. შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვში, სამედიცინო სტომატოლოგიური უნივერსიტეტის ბავშვთა პროტეზირებისა და ორთოდონტიის კათედრაზე. პროფესიული სტაჟირებები გაიარა ასევე მოსკოვსა და ბაქოში.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ზერეკიძემ პარტიული შემოწირულობა გაიღო.