ამ საქმემ სრულებით დამაბრუნა სოფლად, – გვითხრა ნინო ლოთიშვილმა, რომელიც მშობლიურ სოფელში მარნის განვითარებას ცდილობს.
“ორი წელია უკვე, რაც ატენში ვარ და ვაძლიერებ ამ საქმიანობას და ვთვლი, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე, ამ ყველაფერს მე ვერ შევძლებდი”.
ნინომ პირველ წელს 70 ლიტრი ღვინო დაწურა. იმ წელს, საკუთარი წამოწყების პირველ ეტაპს ეძახის, რასაც მეორე წელსვე მოჰყვა გაეროს ფინანსური მხარდაჭერა.
“პირველი დონორი იყო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის სააგენტო, რომელმაც სპონტანურად გადაწყვიტა, რომ მოსულიყო მონიტორინგზე, შესულიყო მარანში, ენახა რა ხდებოდა და დაეგემოვნებინა 2020 წლის მოსავალი. ასე აღმოვჩნდი ამ პროგრამაში და დამიფინანსეს ღვინის ფერმენტაციისთვის საჭირო ჭურჭელი”.
ნინო ღვინის მოცულობას წლიდან წლამდე ზრდის და როგორც თავად ამბობს, მხარდამჭერებსაც ეტაპობრივად პოულობს. მაგალითად, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ნინომ ღვინის ბრენდირება შეძლო და საკუთარი მარანი აგრო ტურისტულ სივრცედ აქცია.
“ამ პროგრამის მხარდაჭერით, უკვე გაჩნდა ლოგო, ეტიკეტი და სახელწოდება “ათენა ვაინერი”. შეიცვალა ჩემი მარნის კონცეფციაც და იქცა ლოკაციად, სადაც მხოლოდ ღვინის წარმოება კი არ ხდება, არამედ სტუმრებსაც ვუმასპინძლდებით. ამ პროგრამის მიზანია, რომ ასეთი მარნები იქცეს აგრო ტურისტულ ლოკაციად”.
ნინოსთვის ღვინის დაწურვის პროცესი ენერგიის წყაროდ იქცა.
“ჩემთვის ვაზთან შეხება, მიწასთან შეხება, ღვინის დაწურვის პროცესი არის შინაგანი სიმშვიდის კულტივირება. თან იმის გათვალისწინებით, რომ მთელი ეს პროცესი ჩვენი კულტურული მემკვიდრებაა. მიხარია და მადლიერი ვარ, რომ ამის შენარჩუნებაში გვეხმარებიან ჩვენი დასავლელი მეგობრები და პარტნიორები”.
საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ნინო ამბობს, რომ საქართველოს საკუთარი ტრადიციების შენარჩუნებასა და კულტურის განვითარებაში სწორედ დასავლელი პარტნიორები ეხმარებიან.
“გულწრფელად რომ ვთქვა, შეურაცხმყოფელი მგონია ის ფრაზა, რომ თითქოს ევროპელები ქართველობას გვართმევენ, რადგან ყველაფერი პირიქითაა – ისინი მოდიან და გვაძლიერებენ იმისთვის, რომ ჩვენი ქართული, უძველესი კულტურა განვავითაროთ”.