სტატიები

22-სართულიან კორპუსს ხაშურში “ქართული ოცნების” შემწირველი ბიზნესმენი აშენებს

ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი ხაშურში მრავალფუნქციურ, 22 სართულიან საცხოვრებელი კორპუსის აშენებას გეგმავს. მშენებლობის ნებართვა უკვე გასცა ხაშურის მერიამ და სამუშაოები უახლოეს პერიოდში უნდა დაიწყოს.

“იმ მთებზე ლამაზი არამგონია ეს კორპუსი იყოს, რასაც ახლა ვუყურებთ ამ ადგილიდან, გარდა ამისა, დაირღვევა ქალაქის ურბანული, არქიტექტურული იერსახე”, – ამბობს ზოგიერთი ხაშურელი და მრავალსართულიანი კომპლექსის მშნებლობის იდეას არ ემხრობა.

თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც აღნიშნულ სიახლეს დადებითად ხვდებიან და ვერც ურბანული იერსახის დამახინჯების პრობლემას ხედავენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ხაშურს ქარალის განაშენიანების გენერალური გეგმა არ აქვს.

პროექტს განაცხორციელებს კომპანია “ტერასა ივერია”, რომელიც გელაშვილმა მიმდინარე წელს, ხაშურში დაარეგისტრირა, თუმცა ცოტა ხნის წინ კომპანია სხვა პიროვნებას გადაუფორმა.

ამჟამად, ბიზნეს რეესტრში კომპანიის დირექტორად ვასიკო გელაშვილი ფიქსირდება. რაც შეეხება ვალერი გელაშვილს, მის სახელთან 20-ზე მეტი კომპანიაა დაკავშირებული, მას საერთო ჯამში, 150 000 ლარი პოლიტიკური შემოწირულობა უფიქსირდება. 

ის 2012 წლიდან მოყოლებული “ქართული ოცნების” მსხვილი შემწირველია. გელაშვილმა მმართველ პარტის 2016 წელს 30 000 ლარი, 2012 -2014 წლებში კი 120 000 ლარი შესწირა.  

გელაშვილს ხაშურში ამ დრომდე სხვა ობიექტიც აქვს აშენებული. მან კომერციული დანიშნულების შენობა 2018 წელს ქალაქის ცენტრშიც ააშენა. 

ინფორმაციისთვის, ვალერი გელაშვილი “ქართულ ოცნებას” 2012 წელს შეუერთდა. 2012-2016 წლებში, ის ხაშურის მაჟორიტარი-დეპუტატი იყო. გელაშვილი “ქართულმა ოცნებმა” პარტიულ სიაში 2016 წლის საპარალმენტო არჩევნებზეც შეიყვანა და 11 თვის განმავლობაში მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო. რაც შეეხება მის წარსულ პოლიტიკურ საქმიანობას, ის ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი იყო 1999-2004 და 2004-2006 წლებშიც. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები