სტატიები

როგორ მოვიქცეთ, თუ ჩვენს თავისუფალ ნებაზე ზეწოლას ცდილობენ?

მოქალაქეებს სულ უნდა ახსოვდეთ, რომ რეგიონში არაერთი ორგანიზაციაა, რომელიც ყოველთვის მზადაა მათი უფლებები დაიცვას – ამბობენ იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც შიდა ქართლში წინასაარჩევნო გარემოს აკვირდებიან და ადამიანის უფლებებს იცავენ.

| “ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე ზემოქმედება არის უფლებადარღვევა“.

არჩევნებზე მომუშავე ორგანიზაციების თქმით, ხშირად მოქალაქეები ვერ აცნობიერებენ, რომ ზეწოლის მსხვერპლები არიან და მათი თავისუფალი ნება იზღუდება.

ზეწოლაა, როდესაც ადამიანს ურეკევან და ეუბნებიან, რომ ის და მისი ოჯახის წევრები წავიდნენ არცევნებზე. ამ შემთხვევაში დაძალება ხდება, რომ უნდა მივიდეს, რადგან იციან ვის უნდა მისცე ხმა. როცა ჩემს თავისუფალ ნებაზე ზემოქმედებ,  ეს რა თქმა უნდა, არის უფლებადარღვევა“, – ამბობს ლექსო მერებაშვილი, “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი.

მერებაშვილის თქმით, ამგვარი ზეწოლა დიდწილად იმ მოქალაქეებზე ხორციელდება, რომლებიც სხვადასხვა ფორმით დამოკიდებულები არიან სახელმწიფოზე – მუშაობენ საბიუჯეტო დაწესებულებაში ან იღებენ სოციალურ დახმარებას.

| “ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიმართოს დამკვირვებელ ორგანიზაციას ან პოლიციას, თუ ფიქრობს, რომ მისი უფლება ირღვევა”.

ამომრჩეველს აქვს თავისუფალი ნება და თუ ეს უფლება ირღვევა, უნდა იცოდეს, რომ მას კანონი დაიცავს, – ამბობს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” გორის ოფისის ხელმძღვანელი. ქეთევან ბებიაშვილის თქმით, მოქალაქეებს საკუთარი უფლებების დასაცავად შეუძლიათ მიმართონ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და ასევე, სამართალდამცავ უწყებებს.

“მოქალაქეები თუ ხედავენ, რომ მათზე ზეწოლა ხორციელდება, უნდა მიმართონ დამკვირვებელ ორგანიზაციას, ან შესაძლოა პოლიციას, იმიტომ რომ ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლა დაუშვებელია. ზეწოლა შეიძლება ხორციელდებოდა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, შრომითი უფლებებიდან გამომდინარე. ასევე, შეიძლება პატიმარი ჰყავდეს და ამ მდგომარეობის გამოყენებით ხდებოდეს ოჯახზე ზეწოლა. ნებისმიერ მსგავს შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, ახსოვდეს მოქალაქეს, რომ მას კანონი იცავს”, – ამბობს ბებიაშვილი.

| “ამომრჩეველზე ზეწოლა დაუშვებელია საარჩევნო უბნებზე”.

ამომრჩეველზე ზეწოლა დაუშვებელია საარჩევნო უბნებზე, – ამბობს “სამართლიანი არჩევნების” იურისტი. თეა თედლიაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, ყველა მოქალაქეს ახსოვდეს, რომ კენჭისყრა არის ფარული და არავის აქვს ამ ფარულობის დარღვევის უფლება.

“იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო უბანზე რაიმე ფორმით ხორციელდება ზეწოლა ამომრჩეველზე, აუცილებელია, რომ ამის შესახებ ამომრცეველმა მიმართოს კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო, თუ საჩივრის დაწერაა საჭირო, მაშინ შეუძლია მიმართოს სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელს, ან უბანზე ყოფნის უფლებამოსილ პირს, პარტიის წარმლმადგენელს, ვინაიდან საჩივრის დაწერის უფლება მათ აქვთ”, – განმარტავს თედლიაშვილი.

მისივე განმარტებით, ამომრჩევლის უფლების დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, შესაძლებელია საჩივრის სასამართლოში გასაჩივრება.

“თუ საჩივრის წარდგენის შემდეგ ადგილზე არ აღმოიფხვრა პრობლემა, საჩივრის ავტორი ასაჩივრებს საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომლის გადაწყვეტილების გასაჩივრება ასევე შესაძლებელია სასამართლოში. დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, ხდება საჩივრების სასამართლოში გასაჩივრება, თუკი საოლქო საარჩევნო კომისიამ სადამკვირვებლო ორგანიზაციის საჩივარი არ დააკმაყოფილა”, – ამბობს იურისტი.

საარჩევნო საკითხებსა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ამბობენ, რომ საკუთარი უფლებების ცოდნა და მათ დასაცავად ბრძოლა მნიშვნელოვანია არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისთვის. როგორც იურისტება აღნიშნავენ, მოქალაქეებს უნდა ახსოვდეთ, რომ საარჩევნო კაბინაში მათ მიერ გაკეთებული არჩევანის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არავისთვისაა.

დატოვეთ კომენტარი