სტატიები

პარკი 800 000-ლარიანი გამორთული ატრაქციონებით  – “ახალბაღის” რეაბილიტაცია დასრულდა 

გორში, დასასვენებელი პარკის “ახალბაღი” რეაბილიტაცია ოფიციალურად დასრულდა, – ამის შესახებ საზოგადოებას მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამცნო, თუმცა აღნიშნული პარკი ზაფხულის განმავლობაში მოსახლეობისთვის ისედაც ღია იყო.

პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხით დაფინანსდა, რომლის ოდენობა 12.2 მილიონ ლარზე მეტი იყო.

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ ვიდეო-რგოლში ჩანს რეაბილიტირებული პარკის მთელი ტერიტორია, მოწყობილი შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და დასასვენებელი სივრცეებით, თუმცა აღნიშნულ ვიდეოში არ მოხვდა ის ატრაქციონები, რომლებიც გორის მერიამ რეაბილიტაციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე შეიძინა და პარკის ტერიტორიაზე დაამონტაჟა. 

მერიაში ამბობენ, რომ ატრაქციონები პარკის რეაბილიტაციის პროექტში არ შედიოდა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ამიტომაც არ ჩანს. 

“მოზაიკა” დაინტერესდა რა ბედი ელის უფუქნციოდ დატოვებულ ატრაქციონებს და როდის ჩაირთვება ისინი

აღნიშნული ატრაქციონები პარკში რეაბილიტაციამდე, ჯერ კიდევ კონსტანტინე თავზარაშვილის მერობის პერიოდში დამონტაჟდა. გორის მერიამ ისინი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით, 2020 წელს 800 000 ლარად შეიძინა. ატრაქციონების შეძენა პანდემიის პერიოდს დაემთხვა. მათი დამონტაჟების შემდეგ, ისინი მხოლოდ ერთხელ, სატესტო რეჟიმში ჩართეს. მას შემდეგ კი, 7 დასახელების გასართობი ატრაქციონი პარკის ტერიტორიაზე კვლავ უფუქნციოდ დგას.

“პარკის რეაბილიტაცია ატრაქციონების შეძენამდეც დაგეგმილი იყო, თუმცა ამ მასშტაბის არა”, – გვითხრა გორის ყოფილმა მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა.

თავზარაშვილი “მოზაიკასთან” ამბობს, რომ ატრაქციონებს არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ და მათ ჩასართავად ხელისშემშლელი არაფერი იყო.

“როდესაც ატრაქციონები დამონტაჟდა, ჩავრთეთ სატესტოდ, ვნახეთ, რომ კარგად მუშაობდა და გადავაფარეთ ზემოდან, შევფუთეთ, რადგან გადაწყდა, რომ პარკს სრულად უნდა ჩატარებოდა რეაბილიტაცია. დრო და დრო უნდა ჩართულიყო, რადგან ზუსტად მახსოვს, რომ არაფერი პრობლემა არ ჰქონდა. მაშინაც იყო დაგეგმილი პარკის რეაბილიტაცია, თუმცა მაგხელა თანხებით არა, შემდეგ დაემატა თანხა, მუნიციპალურმა ფონდმა გამოყო და გადაწყდა სრული რეაბილიტაცია”, – გვითხრა თავზარაშვილმა.

რატომ ვერ მოხერხდა აღნიშნული ატრაქციონების ჩართვა, ზუსტი მიზეზის დასახელება უჭირთ გორის მერიაში, თუმცა უწყებაში ირწმუნებიან, რომ ისინი აუცილებლად ჩაირთვება.

” რაღაც პრობლემა იყო, რის გამოც ჩართვა ვერ მოხერხდა. უახლოეს პერიოდში ჩაირთვება, აუცილებლად”, – გვითხრეს გორის მერიაში. 

2020 წელს შეძენილ ატრაქციონებს საგარანტიო ვადა 3 წელი ჰქონდა. ეს ვადა გასულ წელს ამოიწურა. უცნობია, 4 წლის განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილი ატრაქციონების ვარგისიანობაც.

აღსანიშნავია, რომ გორმა, სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, პანდემიის პერიოდში ატრაქციონების შესაძენად ყველაზე მეტი თანხა დახარჯა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.