ახალი ამბები

თუ არ გვინდა მთელი ცხოვრება ემიგრაციაში ყოფნა, არჩევნებზე უნდა წავიდეთ – ირაკლი კარიჭაშვილი

ემიგრანტები უნდა წავიდეთ არჩევნებზე, რადგან მთელი ცხოვრება ემიგრანტად არ მოგვიწიოს ცხოვრება – ამბობს ამერიკაში მცხოვრები გორელი სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კარიჭაშვილი.

მას საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება საქართველოს ევროინტეგრაციის პირობებში წარმოუდგენია, რისი წინაპირობაც, მისი აზრით, მოახლოებულ არჩევნებში მოქალაქეთა მაქსიმალური აქტიურობაა.

“ემიგრანტები უნდა წავიდეთ არჩევნებზე, რადგან მთელი ცხოვრება ემიგრანტად არ მოგვიწიოს ცხოვრება, ოჯახის წევრების, მეგობრების, მშობლების, შვილებისგან მოშორებით არ ვიყოთ. ქვეყანაში შეიცვალოს რუსი ოლიგარქის რეჟიმი და განვითარდეს ევროპის და ნატოს მიმართულებით“, – ამბობს კარიჭაშვილი.

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ახლა მთავარ გამოწვევას საარჩევნო უბნების სიმცირე წარმოადგენს. ისინი ფიქრობენ, რომ საარჩევნო უბნები არასაკმარისია და ამით სახელმწიფო ხმის უფლებას ართმევს.

“აქ მყოფი ემიგრანტების მთავარი პრობლემა ისაა, რომ ხმის უფლება გვაქვს წართმეული. ნიუ-იორკში, სადაც ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს, ხმას მისცემს მხოლოდ 1500 ადამიანი, რადგან საარჩევნო უბანი მხოლოდ ერთია და იქ მხოლოდ ამ რაოდენობის ხმის მიცემაა დასაშვები, მეტს ფიზიკურად ვერც მოასწრებენ. ამერიკაში სულ სამი საარჩევნო უბანი იქნება, ნიუ-იორკში, ფილადელფიასა და ვაშინგტონში. წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი რჩება ხმის მიცემის გარეშე, ეს კი ძალიან გვაწუხებს“.

დატოვეთ კომენტარი