სტატიები

გორის ხელოვნების სახლმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ფესტივალს უმასპინძლა

გორის “ხელოვნების სახლმა” , რომელიც 2020 წელს ევროკავშირის გრანტით დაფუძნდა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის EU4CULTURE ორდღიან ფესტივალს უმასპინძლა, სადაც ორგანიზატორებმა კულტურის სფეროში საკუთარი ოთხწლიანი მუშაობა შეაჯამეს.

| “ამ ფესტივალში მონაწილეობას იღებენ ხელოვანები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და ბელორუსიიდან”.

მრავალფეროვან კულტურულ ფესტივალზე პროექტის თანაკურატორმა მაკა ჩხაიძემ აღნიშნა, რომ გორი კულტურის დეცენტრალიზაციის მიზნით შეარჩიეს და ფესტივალის დაგეგმვაში “გორელ ფოტოგრაფთა კლუბი” დაიხმარეს.

“ორდღიანი ფესტივალი მოიცავდა ჯგუფურ გამოფენას, ინკლუზიური ცეკვის სპექტაკლს, თანამედროვე ცეკვის ვორქშოპს, აუდიო ვიზუალურ წარმოდგენას. ამ ღონისძიებაზე მონაწილეობა მიიღო გორის ჯაზ ბენდმაც. საქართველოში და განსაკუთრებით მთლიანად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირის წვლილი კულტურის განვითარებაში არის ძალიან დიდი. ბევრი მიმართულება, რომელიც ახლა ფეხს იკიდებს და ვითარდება საქართველოში, სწორედ იმის დამსახურებაა, რომ ამის დაფინანსების შესაძლებლობა ევროკავშირიდან  მოდის. ასეთი დაფინანსების შენარჩუნება და არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”, – გვითხრა EU4Culture-ის თანაკურატორმა მაკა ჩხაიძემ.

ფესტივალის ერთ-ერთი საინტერესო აქტივობა ბელორუსი ხელოვანების მიერ ჩატარებული ვორქშოფი აღმოჩნდა, სადაც პროფესიონალ მხატვრებთან ერთად ხატვით დაინტერესებულმა ადამიანებმა ხელოვნების სახლის ერთ-ერთი კედელზე საკუთარი ნამუშევრები შექმნეს.

“გავიგე, მოვედი და უდიდეს სიამოვნებას ვიღებ, მე აქ ვსუნთქავ. მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა გამოიღვიძოს რაღაცით, გამოღვიძება თუ ხელოვნების მიმართულებით მოხდება, კიდევ უკეთესი”, – ამბობს ერთ-ერთი მონაწილე ლიზი რობიძე.

| “დიდიხანია ვმუშაობთ იმაზე, რომ გორს ჰქონდეს კულტურის იდენტობა”.

მიუხედავად იმისა, რომ გორი პროექტის მონაწილე ქალაქი არ იყო, ორგანიზატორებმა დახურვის ადგილად სწორედ ეს ქალაქი შეარჩიეს – ერთ-ერთი მიზეზი კი, გორში სახელოვნებო სივრცის არსებობა იყო.

“დიდიხანია ვმუშაობთ იმაზე, რომ გორს ჰქონდეს კულტურის იდენტობა. აქ მუდმივად მუშაობენ ადამიანები თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით და ეს მხოლოდ გორელებისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის კი არ იყოს ცნობილი, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებშიც. ეს ადამიანები რამდენიმე დღეა ჩვენთან ერთად მუშაობენ და უკვე კარგად გავიცანით. მომავალში შესაძლებელიც არის, რომ რაღაცები ერთად დავგეგმოთ”, – ამბობს “გორელ ფოტოგრაფთა” კლუბის წევრი მარიამ თოფჩიშვილი.

მისივე თქმით, კულტურული ცხოვრების გასაძლიერებლად, ევროპული ქვეყნების მხარდაჭერა და დაფინანსება სასიცოცხლოდ მნიშველოვანია. როგორც თოფჩიშვილი ამბობს, “რუსულმა კანონმა” და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა შესაძლოა კულტურის სფერო დაფინანსების გარეშე დატოვოს.

საქართველოში ფაქტიურად არ არსებობს კულტურული ფონდები, გარდა სამთავრობო კულტურული ფონდისა, რომელიც რა თქმა უნდა ,ძალიან რთულ პროცესს ქმნის იმისთვის, რომ რეალურად დამოუკიდებელმა, თუნდაც კრიტიკულმა არტისტებმა მიიღონ რესურსები. ერთადერთი მსხვილი ფონდები, რომლებიც კულტურის მიმართულებით მუშაობენ, არიან ან ევროკავშირის ან ევროპის ქვეყნების საელჩოების მხრიდან დაფინანსებულები. ის პროცესები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, კულტურას უქმნის საფრთხეს და ამ ყველაფერმა შეიძლება კულტურის სექტორი საერთოდ დაფინანსების გარეშე დატოვოს”, – აღნიშნავს თოფჩიშვილი.

პროექტს, რომელმაც 4 წლის განმავლობაში უამრავი ხელოვანი გააერთიანა, “გოეთეს ინსტიტუტი” ახორციელებდა.

დატოვეთ კომენტარი